2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგიის ეროვნული ნაკრები, რომელიც „წითელი ეშმაკების“ სახელითაა ცნობილი, საფეხბურთო მოედანზე სურრეალიზმის შეტანას გეგმავს. გუნდს აქვს დიდი ამბიცია, რომ ტურნირზე ყველაზე გემოვნებით შემოსილი ნაკრების ტიტული მოიპოვოს და ამისთვის საკმაოდ კრეატიული გზაც აირჩია.
ნაკრების ახალი გასვლითი ფორმა, რომელიც Adidas-თან კოლაბორაციით შეიქმნა, ლეგენდარული ბელგიელი მხატვრის, რენე მაგრიტის შემოქმედებას ეძღვნება. მაგრიტის ილუზიურმა ნახატებმა თავის დროზე სრულიად შეცვალეს სურეალისტური მოძრაობა, ახლა კი მისი ხელოვნება ცისფერ და ვარდისფერ პრინტებად პირდაპირ სპორტულ მაისურებზე გადავიდა. ამ უნიკალური მაისურების შეძენა ბრენდის ოფიციალურ გვერდზე 150 დოლარადაა შესაძლებელი.
2016 წელს სპორტსმენები ბელგიური ველოკულტურით შთაგონებული ფორმით გამოვიდნენ. 2022 წლის მუნდიალზე ცნობილ მუსიკალურ ფესტივალ Tomorrowland-თან ითანამშრომლეს. 2024 წელს შთაგონების წყაროდ საკულტო კომიქსის პერსონაჟი, ტენტენი აირჩიეს. წელს კი, გუნდმა ამ კონცეფციას ყველაზე დახვეწილი და მაღალმხატვრული დიზაინერული ელფერი შესძინა.
„ეს არ არის მაისური“
როდესაც რენე მაგრიტზე ვფიქრობთ, თვალწინ პირველ რიგში მწვანე ვაშლი, კლასიკური ქუდი და ჩიბუხი წარმოგვიდგება. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრები რეალისტური სცენებისა და სრულიად მოულოდნელი, პარადოქსული შტრიხების სინთეზია – სამყარო, სადაც საგნები იქ არ არის, სადაც უნდა იყოს და ფიზიკის კანონებიც საერთოდ არ მუშაობს.
ახალი ფორმა პირდაპირ გამოეხმაურა მხატვრის საკულტო ნახატს, „გამოსახულებათა ვერაგობას“, სადაც დახატულ ჩიბუხს ქვემოთ აწერია ცნობილი ფრაზა: „ეს არ არის ჩიბუხი“. Adidas-ის დიზაინერებმა ზუსტად ეს იდეა გააცოცხლეს და ახალი ფორმის საყელოზე დაიტანეს წარწერა: „ეს არ არის მაისური“.

მაგრიტის ხელწერიდან რამდენიმე მთავარი მოტივი ბელგიის ნაკრების სამოსზეც მკაფიოდ აისახა. მხატვრის სიყვარული საღამოს ცის მიმართ, რაც მის ნახატებს ლურჯ ტონალობებს სძენდა, ფორმაზე ნაზ ცისფერ ფერად გარდაიქმნა. ასევე, მის შემოქმედებაში ხშირად მეორდება იდენტური და მრგვალი ფორმები, რაც ახალ დიზაინში ვარდისფერი და ლურჯი საფეხბურთო ბურთების სახითაა რეალიზებული. თავად პრინტზე არსებული მცირე ხაზები კი საფეხბურთო მოედნის საზღვრების სიმბოლოა.
ფერადი ექსპერიმენტები მოედანზე
მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატებზე ქვეყნების უმეტესობა ტრადიციულად საკუთარი დროშის ფერების მარტივ ვერსიებს ირჩევს, კრეატიული ექსპერიმენტები სპორტულ მოდაში უცხო ნამდვილად არ არის. წელს, მაგალითად, განის ნაკრების ფორმა ტრადიციული ხელით ნაქსოვი ტექსტილითაა შთაგონებული, საფრანგეთის გასვლითი ფორმა კი თავისუფლების ქანდაკების ფერს იმეორებს. ამერიკისა და ურუგვაის ნაკრებებიც წარსულის ნოსტალგიურ დიზაინებს დაუბრუნდნენ.
თუმცა, იმ დიზაინებთან შედარებით, რომლებიც კვლავინდებურად მხოლოდ ეროვნულ დროშებზეა აგებული, ბელგიის ნაკრების ახალი იმიჯი ბევრად უფრო თამამი და დამოუკიდებელია. ნაცვლად ნახატების უბრალო კოპირებისა, Adidas-მა შეძლო მაგრიტის ხელოვნების საოცრად გემოვნებიანი რემიქსი შეექმნა და ის თანამედროვე, ნათელ პრინტად ექცია. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ მოედანზე ბელგიელები ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე მოდური გუნდი იქნება.
წყარო: Fastcompany; www.marketer.ge