სადისტრიბუციო ბიზნესისთვის ამოქმედებული რეგულაცია ხარჯებს გაზრდის, რაც პირდაპირ აისახება პროდუქციის ღირებულებაზე. ასე აფასებს ,,დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი’’ რეგულაციას, რომელიც 1 იანვრიდან ამოქმედდა. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქის საზღვრებში, 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში, მოძრაობის შეზღუდვა უკვე დისტრიბუციის ავტომანქანებზეც ვრცელდება. ლაშა რიჟამაძე აცხადებს, რომ ფასის ზრდა იმ პროდუქტზე აისახება, რომელთა მიწოდებაც დიდი გაბარიტების ავტოტრანსპორტით ხორციელდება.

,,ეს რეგულაცია ყველა იმ ბიზნეს სუბიექტისთვის, რომელიც გაბარიტული სატრანსპორტო საშუალებებით ახდენს დისტრიბუციას წარმოშობს ნეგატიურ შედეგს. მათ შორის არის დამატებითი ხარჯების გამოყოფის აუცილებლობა. იქნება ეს ახალი ავტოპარკის დამატება, თუ არსებული ავტოპარკის ჩანაცვლება, მათ შორის დამატებით კადრების აყვანის საჭიროება და სხვა ლოგისტიკური ხარჯი, როგორიც არის საწვავი და ა.შ. რაც მთლიანობაში ნეგატიურ შედეგს ახდენს ფასის კუთხით. ის პროდუქციაზე, რომლის მიწოდებაც ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების ხდება, გაიზრდება ფასი. ეს უკვე ინდივიდუალურად დამოკიდებულია პროდუქტის ტიპზე. განსაკუთრებით ეს ეხება ადგილობრივ მწარმოებლებს. მაგალითად როგორიც არის რძის ნაწარმი, წყალი, ლიმონათი, ლუდი თუ ა.შ. რომლებიც ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებით ვრცელდება.’’- აცხადებს ლაშა რიჟამაძე.

იანვარი სადისტრიბუციო ბიზნესისთვის აქტიური პერიოდი არ არის. მიმდინარე თვეში კომპანიები 60%-იანი დატვირთვით მუშაობენ. ვითარება თებერვლიდან შეიცვლება, როდესაც დისტრიბუტორები სრული დატვირთვით ამუშავდებიან. ლაშა რიჟამაძე აცხადებს, რომ შემცირებული სამუშაო საათების პირობებში ზოგმა კომპანიამ შესაძლოა პროდუქციის მიწოდება ვეღარ უზრუნველყოს.

,,ახლა კომპანიები მუშაობენ სადღაც 60%-იანი დატვირთვით. ეს არ არის ჩვეულებრივი რეჟიმი იქიდან გამომდინარე, რომ მაღაზიები შევსებულია. მოსახლეობის შემოდინება დედაქალაქის ტერიტორიაზე ჯერ არ არის ისეთი, როგორიც ჩვეულებრივ შემთხვევაში. მაგრამ ფასების კუთხით უკვე რა თქმა უნდა, კომპანიებმა დაიწყეს ასახვა. სადღაც უკვე თებერვლის ბოლოსთვის იქნება ის სრული დატვირთვა, რომელიც პირობებშიც კომპანიების ნაწილმა შეიძლება ვერ მოახერხოს სრული მომარაგება. იქიდან გამომდინარე, რომ მათ აღარ აქვთ სრული სამუშაო 8 საათი და 6 საათში უნდა განახორციელონ ის პროცესი, რასაც 8 საათს ანდომებდნენ.’’- აცხადებს ლაშა რიჟამაძე.

,,დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის’’ პრეზიდენტი თბილისის მერიას აკრიტიკებს. ამბობს, რომ მათ ახალი რეგულაციის ამოქმედების შესახებ ერთი კვირით ადრე გაიგეს. მანამდე კი სექტორს აფრთხილებდნენ, რომ პროდუქციის მიწოდება ღამის საათებში მოუწევდათ, თუმცა მათთვის მოულოდნელად მერიამ სხვა გადაწყვეტილება მიიღო.

,,როდესაც დედაქალაქის მერია აცხადებს, რომ ბიზნესს ამისთვის ჰქონდა ერთი წელი მოსამზადებლად, ეს განცხადება რეალურად არ შეესაბამება სიმართლეს. გამომდინარე იქიდან, რომ სადისტრიბუციო ბიზნესს, მათ შორის რითეილ სექტორს ზაფხულის პერიოდიდან ამზადებდნენ იმისთვის, რომ დედაქალაქის მერიას უნდა მიეღო გადაწყვეტილება ღამის დისტრიბუციაზე გადასვლასთან დაკავშირებით. ღამის დისტრიბუციაც, რა თქმა უნდა, დიდ ხარჯთან იყო დაკავშირებული და ფიზიკურად კომპანიებისთვის რთული იქნებოდა პირველი რიცხვიდან გადაწყება. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს ერთი წლის ჭრილში ეტაპობრივად თუ განხორციელდებოდა მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი. იმიტომ, რომ რეალურად პროდუქციის მიმღები არ არსებობს ღამე. ღამის კადრების მოძიება საკმაოდ რთული და პრობლემატური იქნებოდა, როგორც ქსელური ობიექტებისთვის, ასევე ყველა სხვა დანარჩენი ობიექტისთვის, სადაც პროდუქციის მიწოდება ხორციელდება. მათ შორის სადისტრიბუციო კომპანიებისთვისაც. მაგრამ მერიის პოზიცია იყო კატეგორიული, რომ ეს გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში იქნებოდა ამ ფორმით. წლის ბოლოს, ერთი კვირით ადრე ვიგებთ იმას, რომ დედაქალაქის მერია საერთოდ ღამე დისტრიბუციის ნაცვლად იღებს გადაწყვეტილებას და ძალაში შეჰყავს დილის საათების შეზღუდვა. ანუ ყველა ადგილობრივმა მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანია, როდესაც ღამის საათები შეეზღუდა გადაეწყო.  გარკვეული ხარჯი, რა თქმა უნდა, ღამის საათების შეზღუდვამაც წარმოშვა, მაგრამ უკვე დილის საათების შეზღუდვამ არსებითად შეცვალა მთლიანი სურათი და მნიშვნელოვანი ფინანსური დანახარჯის გარეშე შეუძლებელი გახადა საერთოდ ოპერირება. მათ შორის პრობლემა არის თუნდაც ავტოპარკის დამატების კუთხით, იმიტომ რომ ფიზიკურად გარკვეული რაოდენობის სატრანსპორტო საშუალებები არ არის ქვეყანაში, რომ უცებ შეისყიდოს კომპანიამ ის რაოდენობა რაც სჭირდება.’’- აცხადებს ლაშა რიჟამაძე ,,კომერსანტთან’’ საუბარში.