ბათუმში მდებარე რესტორან „რეტროდან“ წამოსულ თანამშრომლებს ამავე ქალაქში მდებარე რესტორანი „ფშაური“ დასაქმებას სთავაზობს. როგორც რესტორნის განცხადებაშია ნათქვამი, ისინი გმობენ თანამშრომლების მიმართ არასათანადო მოპყრობას და სოლიდარობას უცხადებს „რეტროდან“ პროტესტის ნიშნად წამოსულ თანამშრომლებს და სთავაზობს დასაქმებას.

„რესტორანი „ფშაური“გმობს ბოლო პერიოდში საქართველოში გახშირებულ არასათანადო და ძალადობრივ მოპყრობას თანამშრომლების მიმართ, რაც ეწინააღმდეგება და ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. ამის ფონზე, ბათუმში ახლახან მომხდარი ინციდენტიდან გამომდინარე, ჩვენი გუნდი სოლიდარობას უცხადებს რესტორან რეტროდან პროტესტის ნიშნად წამოსულ თანამშრომლებს და სთავაზობს დასაქმებას სამწუხაროდ შეზღუდული ოდენობით. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ,“- ნათქვამია განცხადებაში.

რესტორანი „რეტრო“, რომლის მფლობელმა თეიმურაზ ვარშანიძემ მიმტანზე იძალადა, 15-ვე თანამშრომელმა დატოვა. დღეს დილიდან რესტორანი აღარ გაიხსნა.  რეტროს მფლობელი ძალადობის ბრალდებით უკვე დაკავებულია.