როგორია მომხმარებლის უფლებების დაცვის ინსტიტუციური გარანტიები საქართველოში? საკითხზე ,,კომერსანტის დილისრუბრიკაში “კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა” ისაუბრეს. გადაცემის სტუმარი GCCA-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი თამარ ჩანტლაძე იყო. მას ,,მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ 2022 წლის 1 ივნისში ამოქმედებული კანონი განმარტა. თამარ ჩანტლაძის განცხადებით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო სწორედ ამ კანონის დაცვაზე არის პასუხისმგებელი. სააგენტო უზრუნველყოფს დარღვევის პრევენციასარსებულ დარღვევებზე კი სათანადოდ რეაგირებს.

,,კანონის მიხედვით მომხმარებლებს უფლება აქვთ, მიმართონ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს და სააგენტო კანონით დადგენილ ვადაში, პირველ ეტაპზე ადგენს საქმის შესწავლის დაწყების მიზანშეწონილობას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან იკვეთება მომხმარებელთა ჯგუფის უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტი, იწყება საქმის შესწავლა კონკრეტული ვალდებულების დარღვევის შემოწმების მიზნით. საქმის შესწავლის დასრულების შემდეგ სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას: მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის დადასტურების ან უარყოფის შესახებ.’’- განაცხადა ,,კომერსანტის დილაში“ თამარ ჩანტლაძემ.

კონკურენციის სააგენტო საქმის შესწავლას კონკრეტული მომხმარებლის მიერ განცხადების წარდგენის საფუძველზე იწყებს. საქმის შესწავლის პროცესში შესაძლოა მოვაჭრემ სააგენტოს პირობითი შეთანხმება შესთავაზოს, რომელიც კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრას ისახავს მიზნად.

,,არსებობს ერთგვარი გადაწყვეტილების სახე, პირობითი შეთანხმება, რა დროსაც მოვაჭრე სააგენტოს სთავაზობს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტის აღმოსაფხვრელად პირობით ვალდებულებებს. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ მოვაჭრის მიერ ნაკისრი პირობითი ვალდებულებების შესრულების შედეგად აღარ იარსებებს კანონის სავარაუდო დარღვევის რისკი, იგი დაეთანხმება შეთავაზებულ პირობით ვალდებულებებს და საქმის შესწავლას კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტის შეფასების გარეშე დაასრულებს“. განმარტა რუბრიკის სტუმარმა თამარ ჩანტლაძემ.

რა ხდება მაშინ, თუ სააგენტომ მომხმარებელთა უფლებების დარღვევა დაადგინა? მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი განმარტავს, რომ პირველ ეტაპზე მოვაჭრეს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ვადა ეძლება. თუ მან განსაზღვრულ ვადაში სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება.

,,საქმის შესწავლის ვადა არის 1-დან 3 თვემდე. საქმის სირთულიდან გამომდინარე. შემდგომ, როდესაც საქმის შესწავლა დასრულდება რომელიმე სახის გადაწყვეტილებით და დარღვევის დადასტურების შემთხვევაში მას, მოვაჭრეს, განესაზღვრება ვადა ვალდებულების შესასრულებლად. ხოლო, შეუსრულებლობის შემთხვევაში  ეკისრება ჯარიმა. მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმას, რომ ჯარიმა არ არის რეპრესიული. ეს არის პრევენციული და  გულისხმობს იმას, რომ სააგენტო დარღვევის დადასტურების შემთხვევაში პირდაპირ არ აკისრებს მოვაჭრეს ჯარიმას. ეს ნიშნავს, რომ მან კანონით დადგენილ ვადაში უნდა შეასრულოს გადაწყვეტილებით დადგენილი ვალდებულებები. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მოვაჭრე არ ასრულებს ამ ვალდებულებებს ან არაჯეროვნად ასრულებს, მას ეკისრება ჯარიმა.’’- განმარტა თამარ ჩანტლაძემ.

GCCA- მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის წესიც განმარტა. თამარ ჩანტლაძის განცხადებით, ჯარიმა უნდა იყოს ეფექტური, პროპორციული და პრევენციული.

,,ჯარიმის დაკისრებისას, ოდენობის დადგენისას სააგენტო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მან არ უნდა შეუქმნას საფრთხე მოვაჭრის  კომერციულ საქმიანობას. სააგენტო საქმის შესწავლისას, ცდილობს, რომ გაითვალისწინოს როგორც მომხმარებლის, ასევე მოვაჭრის ინტერესები. რაც შეეხება ჯარიმის დაკისრების წესს, მისი ოდენობის განსაზღვრის წესს. ჯარიმის დაკისრებისას გათვალისწინებულია შემდეგი კრიტერიუმები: დარღვევის მასშტაბი, დარღვევის სიმძიმე, ხასიათი, ხანგრძლივობა და სხვა გარემოებები. დარღვევის მასშტაბში იგულისხმება გეოგრაფიული და შინაარსობრივი მხარე,  ანუ ეს დარღვევა მოხდა ლოკალურად თუ ქვეყნის მასშტაბით. ასევე, დარღვევა ეხება ფართო წრის მომხმარებელთა ინტერესებს თუ ვიწრო წლის ინტერესებს. მაგალითად, თუ დარღვევა დისტანციური ვაჭრობის შემთხვევაში დასტურდება, ნიშნავს რომ ის ეხება  მომხმარებელთა ფართო წრეს, რადგან დარღვევა ვრცელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, რადგან თითოეულ მომხმარებელს შეუძლია დისტანციურ ურთიერთობაში შევიდეს მოვაჭრესთან. რაც შეეხება დარღვევის ხასიათს, აქ გაითვალისწინება გაუფრთხილებლობით მოხდა დარღვევა თუ განზრახვით. ანუ, შეგნებული ჰქონდა თუ არა მოვაჭრეს კანონსაწინააღმდეგო ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი. რაც შეეხება სიმძიმეს, სიმძიმის შეფასებისას სააგენტო ითვალისწინებს დარღვევის ინტენსივობას, ზიანის ოდენობას. ასევე, იმას მიიღო თუ არა ზომები მოვაჭრემ დარღვევის აღმოსაფხვრელად და მომხმარებლის უფლების აღსადგენად. ხანგრძლივობაში იგულისხმება პერიოდი, რა პერიოდშიც გრძელდებოდა მოვაჭრის მართლსაწინააღმდეგო ქმედება ან უმოქმედობა. ხოლო სხვა გარემოებების შეფასებისას სააგენტო ითვალისწინებს საქმის შესწავლის პერიოდში თანამშრომლობდა თუ არა მოვაჭრე სააგენტოსთან. ასევე პირის ფინანსურ მდგომარეობას, ჯარიმის განმეორებითობის ხასიათს და სხვა გარემოებებს.’’- განაცხადა ,,კომერსანტის დილის“ რუბრიკაში თამარ ჩანტლაძემ.

12 თვის განმავლობაში, მოვაჭრის მიერ დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში მას ჯარიმის გაორმაგებული ოდენობის გადახდა დაეკისრება. როგორ განსაზღვრავს სააგენტო ჯარიმის ოდენობას? თამარ ჩანტლაძე განმარტავს, რომ ფინანსური სანქცია 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს და ის დარღვევის დადასტურების წინა წლის ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-მდე განისაზღვრება.

,,ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება დარღვევის დადასტურების წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-მდე. ამასთან, ის არ უნდა იყოს 600 ლარზე ნაკლები. მნიშვნელოვანია, რომ ხაზი გაესვას და ეს მოვაჭრეებისთვის იყოს ყურადსაღები, რომ ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს არ ათავისუფლებს იმ ვალდებულების შესრულებისგან, რომლის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო სააგენტომ მას დააკისრა ჯარიმა. მიუხედავად იმისა, რომ ჯარიმა დაეკისრება მოვაჭრეს, ის მაინც ვალდებულია შეასრულოს ის გადაწყვეტილება, რომლითაც დაუდასტურდა მომხმარებლების უფლებების დარღვევა. ჯარიმის ნაწილში სტატისტიკა რომ მოგახსენოთ, ეს არის წინა წლის შედეგები. 56 მოვაჭრე 98 საქმეზე დაჯარიმდა. ჯარიმის თანხამ დაახლოებით ჯამში შეადგინა 60 ათას ლარამდე. სააგენტო პერიოდულად აქვეყნებს სტატისტიკას ოფიციალურ ვებგვერდზე.’’- აცხადებს თამარ ჩანტლაძე.

კონკურენციის სააგენტოში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებლებმა სააგენტოს მიმართონ, რათა დაცული იყოს მათი კანონიერი ინტერესები და უფლებები.

,,სააგენტო მუდმივად ცდილობს ცნობიერების ამაღლებას მომხმარებლებში. აუცილებელია მათ მიმართონ სააგენტოს კანონით დადგენილი უფლებების დაცვის მოთხოვნით. ამ მხრივაც წარმატებულია სააგენტოს მუშაობა. მომართვა გაზრდილია წინა წელთან შედარებით. ძირითადად ლიდერობს მაინც თბილისი. მეორე ადგილზეა იმერეთი და აჭარა. დარღვევა ძირითადად ეხება ონლაინ ვაჭრობას. შემდგომ არის ადგილზე ვაჭრობა.’’- განაცხადა ,,კომერსანტის დილის“ რუბრიკაში თამარ ჩანტლაძემ.

,,მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი მოვაჭრეს ავალდებულებს მიაწოდოს ინფორმაცია პროდუქტსა და მომსახურებაზე. ინფორმირების ვალდებულება ასევე გულისხმობს ფასისა და მოვაჭრის ვინაობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. კანონის მიხედვით, ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს მიმართოს მოვაჭრეს და მოითხოვოს ნივთის შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.