2024 წლიდან ფიზიკური პირების გაყიდული ქონება ახლებურად დაიბეგრება. რას გულისხმობს ეს ცვლილება, რა უნდა გაითვალისწინონ უძრავი ქონების მფლობელებმა ბინის გაყიდვის დროს - ამ და სხვა თემებზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ „კრესტონ ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა დავით პაპიაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით დაბეგვრის ახალი წესი მდგომარეობს იმაში, რომ უძრავი ქონების შეძენიდან ორ წელიწადზე ადრე გაყიდვის შემთხვევაში მისი ქონება დაიბეგრება არა ერთი წლის ჭრილში, არამედ ერთი თვის ვადაში.
„სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ არამეწარმე ფიზიკური პირი, ანუ ის ვინც ბიზნესით არ არის დაკავებული და ერთჯერადად ყიდის ქონებას ნამატით, მისთვის იცვლება საგადასახადო პერიოდი. თუ ადრე დაბეგვრის შემთხვევაში მას დასაბეგრი თანხა უნდა გადაეხადა მომდევნო წლის პირველ აპრილამდე, ახლა დაბეგვრა მოხდება ყოველთვიურად და დეკლარაცია ჩაბარდება მომდევნო თვის 15 რიცხვისთვის.
ძალიან ცუდად არის კანონში ჩამოყალიბებული ის ფატი, თუ როდის უნდა გადავიხადოთ ეს თანხა, ამაზე კანონმდებლობაში არაფერი არ წერია, შეიძლება ეს შეცდომაა, შეიძლება შეგნებულად არ არის ჩაწერილი, როდესაც საგადასახადო კანონმდებლობით გადასახდელია გადასახადი, მაგრამ არ წერია როდის უნდა გადავიხადოთ, ვიყენებთ ნორმას, რისი მიხედვითაც გადახდა ხდება იმავე ვადაში, რა პერიოდშიც ხდება დეკლარირება, თუ 2024 წლამდე არაფერი არ შეიცვალა და დაზუსტება არ გაკეთდა, მაშინ ამ თანხის გადახდა მომდევნო თვის 15 რიცხვისთვის მოხდება.“ - აღნიშნა დავით პაპიაშვილმა.
დავით პაპიაშვილი განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება არამეწარმე ფიზიკური პირისთვის გამოწვევაა, რადგან მას არ აქვს ვალდებულება, რომ საკანონმდებლო ცვლილებებში ერკვეოდეს.
„ეს არ არის მარტივი საკითხი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საუბარია არა მეწარმე პირებზე, რომელთაც როგორც წესი ბუღალტერი არ ემსახურებათ, მათთვის საკითხში გარკვევა ცოტა რთული იქნება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ფიზიკური პირები ინფორმირებული და მობილიზებულები იყვნენ. მე არ მგონია, რომ ყველა დამოუკიდებლად, პროფესიონალების დახმარების გარეშე შეძლებს ამას. მეორეს მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია შემოსავლების სამსახურის და საჯარო რეესტრის ჩართულობა პროცესში, საჭიროა ფართო მასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის წამოწყება,“ - აღნიშნა დავით პაპიაშვილმა.