ქუთაისში „ბიკენტიას საქაბაბე“ საბჭოთა პერიოდში, 1955 წელს გაიხსნა და თითქმის 70 წელია უწყვეტად ფუნქციონირებს. აქ დღემდე ზედმიწევნით ზუსტადაა შენარჩუნებული საბჭოთა სასადილოს ინტერიერი, ატმოსფერო, სუნი და გემო. საქაბაბეს სტუმრები მებუფეტეს დღესაც ისევე უკვეთავენ ქაბაბს და ლუდს, როგორც 70 წლის წინ, შემდეგ თავიანთ მაგიდა-დახლებს უბრუნდებიან და ფეხზე მდგომები მიირთმევენ უკვე ქუთაისის ლენდმარკად ქცეულ კერძს.

როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „ბიკენტიას საქაბაბის“ ერთ-ერთი მესაკუთრე ფრიდონ აბაზაძე ამბობს, მენიუში ბევრი არაფერი შეუცვლიათ, ქაბაბს მხოლოდ მწვადი დაამატეს. ადგილობრივებისა და ტურისტების ნაკლებობას არ უჩივიან, თუმცა გაფართოებას არ გეგმავენ. ფრიდონ აბაზაძემ ისიც გვითხრა, რომ თბილისში გახსნილი „ბიკენტიას საქაბაბე“ მათი ფილიალი არ არის, მხოლოდ სახელი აიღეს მათი.

„კომერსანტი“ „ბიკენტიას საქაბაბეს“ მესაკუთრეს, ფრიდონ აბაზაძეს საქაბაბის ისტორიის, მენიუსა და ფასების შესახებ ესაუბრა.

როდის შეიქმნა „ბიკენტიას საქაბაბე“?

ფრიდონ აბაზაძე, „ბიკენტიას საქაბაბის“ მესაკუთრე: საქაბაბე კომუნისტების დროს, 1955 წელს გაიხსნა და ამის შემდეგ უწყვეტად მუშაობს. მანამდე ამ ადგილზე სადალაქო იყო და შემდეგ საქაბაბე გაკეთდა . კომუნისტების დროს ის სახელმწიფოს კუთვნილება იყო. აქ მუშაობდა ერთი ბიკენტი გვიშიანი, ხუმარა კაცი იყო, ქაბაბს არ აკეთებდა, მებუფეტე იყო. მაშინ აქ ახალგაზრდებიც დადიოდნენ, სკოლის მოსწავლეებიც, სტუდენტებიც, ყველას ჰქონდა ამის საშუალება. ეუბნებოდნენ: „ბიკენტი ბიძია, გაგვიკეთე ქაბაბი“-ო და ამის გამო შერჩა საქაბაბეს ეს სახელი.

საბჭოთა პერიოდში რა ღირდა 1 ულუფა ქაბაბი?

მაშინ კაპიკები ღირდა. სანამ ჩვენ შევიძენდით საქაბაბეს, 1 ულუფა ქაბაბი თავის ლუდით და პურით მანეთი ღირდა, მერე იმატა და იმატა ფასმა.

თქვენ როდის შეიძინეთ საქაბაბე?

1997 წელს. კიდევ 2 პარტნიორი მყავს - მერაბი გოგებაშვილი და ვალერი ბოჭორიშვილი. საქაბაბე გაჩერებით არ გაჩერებულა, სულ მუშაობდა. არც არაფერი შეგვიცვლია, რამხელაც ახლაა, ასეთივე იყო თავიდან.

მენიუ შეიცვალა კომუნისტების პერიოდიდან?

აქ ადრე მხოლოდ ქაბაბი კეთდებოდა, ჩვენ მხოლოდ მწვადი დავამატეთ. სასმელიდან მენიუში გვაქვს - ლუდი, ლიმონათი და არაყი, სხვა მეტი არაფერი.

რა ღირს 1 ულუფა ბიკენტიას ქაბაბი?

1 ულუფა ქაბაბი 12 ლარი ღირს თავის პურით და ლუდით. მწვადი - 10 ლარი. აგურის პური მოგვაქვს „ელვადან“, ისიც საბჭოთა დროის პურს ჰგავს.

თბილისში გახსნილი „ბიკენტიას საქაბაბე“  თქვენი ფილიალია?

არა. ახლობლები არიან და მხოლოდ სახელი დავაწერინეთ. სახელის გამოყენების უფლება გვთხოვეს და დავთანხმდით.

თქვენი სტუმრები უფრო ხშირად ვინ არიან - ძველი კლიენტები, ახალგაზრდები თუ ტურისტები?

ძველი კლიენტებიც მოდიან, ახლებიც და ტურისტებიც. რაც შეეხება ქვეყნებს, უფრო - რუსები, უკრაინელები, ყაზახები გვყავს, ევროპელები უფრო ზაფხულის პერიოდში მოდიან.

ხომ არ აპირებთ ქუთაისში გაფართოებას?

არა, ესეც საკმარისია. ქუთაისი არ არის იმხელა ქალაქი, რომ გავყოთ და ჩვენი კლიენტი ნახევარი იქით გავუშვათ და ნახევარი აქეთ.