სამუშაო ადგილის ინსპექტირების განხორციელების წესი საქართველოს მთავრობის დადგენილებით არის განსაზღვრული, მთავრობის დადგენილება ასევე არსებობს პრიორიტეტული დარგების ინსპექტირების შესახებ. რა პერიოდულობით ხდება სამუშაო ადგილზე ინსპექტირება და როგორია ინსპექტირების პროცესი ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან“ერთად შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის მოადგილემ მაია მიქაიამ ისაუბრა.

მისი თქმით პრიორიტეტული დარგების დადგენით განსაზღვრულია განსაკუთრებით მაღალი რისკის ობიექტები, რომლებსაც მიეკუთვნება სამშენებლო სექტორი, სამთო  მრეწველობა. მისივე თქმით განსაკუთრებული რისკის შემცველია სამშენებლო ობიექტები და განსაზღვრულია, რომ წელიწადში სამჯერ არის შესაძლებელი ინსპექტირების განხორციელება.

„შემდეგ გვაქვს მაღალი რისკის ობიექტები, რომლებსაც მიეკუთვნება მრეწველობის ობიექტები, წელიწადში ორჯერ ინსპექტირების განხორციელების შესაძლებლობით და შემდეგ მოდის საშუალო, დაბალი რისკის მქონე ობიექტები და მაღალი რისკის მქონე ობიექტები.

გამომდინარე იქიდან, თუ რომელ კატეგორიას მიეკუთვნება ობიექტი, შესაძლებელია, წლის განმავლობაში განხორციელდეს ინსპექტირებები. თუმცა გეგმურთან ერთად ჩვენ გვაქვს არა გეგმური ინსპექტირების განხორციელების საფუძველი  და როდესაც  ობიექტის მიმართ არსებობს საჩივარი, არსებობს მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ დასაქმებულის უსაფრთხოების ნორმებია  დარღვეული, ეს შეიძლება გახდეს არაგეგმური ინსპექტირების საფუძველი.

 ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ  ინსპექტორი მთელი პროცესის განმავლობაში აღჭურვილია სამხრე ვიდეო კამერით და მთელი პროცესის გადაღება ხდება კამერაზე და ინსპექტორი ახორციელებს მთლიანად ობიექტის  შემოწმებას , ის ახორციელებს  დოკუმენტაციის შემოწმებას, დასაქმებულებთან გამოკითხვას, დამსაქმებელთან გამოჰკითხავს და  შეჯამებულად მიღებული ინფორმაციის  საფუძველზე ადგენს  შესაბამის მითითებას“ - აღნიშნა მაია მიქაიამ.

მიქაიას თქმით არსებობს  დადგენილებები თუ რა  შეიძლება  ჩაითვალოს კრიტიკულ დარღვევად,  თუმცა მისივე  თქმით,  შრომის უსაფრთხოებაზე  საუბრისას კრიტიკული შეუსაბამობის ჩამონათვალი მზა ვერ იქნება და ფასდება კონკრეტული ობიექტებიდან გამომდინარე.

„მაგალითად სამშენებლო სექტორის  შემთხვევაში, ქუჩაში გავლით  შეგვიძლია ვნახოთ, რომ არსებობს  დამცავი მოაჯირები, არის უსაფრთხოების ბადეები, დასაქმებულები ჩაფხუტით გადაადგილდებიან, თუმცა ჩვენ ინდივიდუალურად ვამოწმებთ და ვადგენთ, ღიობები, ლიფტის  შახტები არის თუ არა დახურული და დასაქმებულს აქვს თუ არა ინდივიდუალური  დაცვის საშუალებები, ტექნიკური აღჭურვილობები, ხარაჩო, რომელზეც  დასაქმებული დგას არის თუ არა შესაბამისობაში.

ასევე მნიშვნელოვანია სწავლების კომპონენტი, დასაქმებულმა უნდა იცოდეს როგორ  შეასრულოს  სამუშაო  პროცესი.

აქვე უნდა აღინიშნოს უსაფრთხოების მენეჯერიც, რომლის ყოლის ვალდებულება აქვს ყველა კომპანიას, თუ კომპანიას  ჰყავს  20-მდე დასაქმებული ამ შემთხვევაში  შეუძლია  დირექტორს  შეითავსოს  უსაფრთხოების  მენეჯერის  ფუნქცია, 20-დან 100-მდე დასაქმებულის შემთხვევაში მას  უნდა ჰყავდეს  1 უსაფრთხოების მენეჯერი, ხოლო  100-ზ ე მეტის  დასაქმების  შემთხვევაში უნდა შექმნას  სამსახური არანაკლებ 2 მენეჯერით“ - აღნიშნა მაია მიქაიამ.  

მიქაიას განმარტებით ისპნექტირება ხდება მუშაობა პროცესში, ინსპექტირებისთვის განსაზღვრულია 7 დღიანი ვადა , თუმცა  ინსპექტორს შეუძლია მისი გაზრდა.

„მნიშვნელოვანი ფაქტორია სამუშაო პროცესზე  დაკვირვება, იმიტომ რომ უშუალოდ ვხედავთ დასაქმებულს , თუ როგორ  ასრულებს სამუშაო  პროცესს დ ა როგორია პროცესის  ციკლი. ჩვენ ინსპექტორებს აქვს  მზომი ხელსაწყოები, ჩვენ ხმაურსაც, ვიბრაციასაც , მათ  შორის  განათებას ვზომავთ და ვაწვდით ინფორმაციას დამსაქმებელს თუ სად  სჭირდბა ჩართულობა“ - აღნიშნა მაია მიქაიამ.