QisaBags 2018 წელს მინიმალური ინვესტიციის შეიქმნა და ნატურალური ტყავისგან შექმნილი პროდუქციის გაყიდვებით პირდაპირ საერთაშორისო ონლაინ პლატფორმებზე დაიწყო. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას QisaBags-ის დამფუძნებელი, კატო რამიშვილი აცხადებს, QisaBags-ის გაყიდვების 90%-ზე მეტი უცხოეთის ბაზარზე მოდის. პროდუქციის ძირითად ნაწილს აშშ-ში ყიდიან, შტატების გარდა მათი ჩანთები და აქსესუარები იყიდება კანადაში, ავსტრალიაში და ევროპის ქვეყნებშიც.

„კომერსანტი“ QisaBags-ის დამფუძნებელს ბრენდის შექმნის, განვითარების, ბაზარზე უპირატესობების შესახებ ესაუბრა.

როდის შეიქმნა QisaBags?

კატო რამიშვილი, ელექტრონული კომერციის სპეციალისტი და QisaBags-ის დამფუძნებელი: QisaBags 2018 წელს შეიქმნა. ინვესტიცია არ გქონდა, სახლიდან დაწყებული ბიზნესია და როგორც კი შევქმენით პირველი ჩანთის დიზაინი, რომელიც მთლიანად ჩვენით მოვიფიქრეთ და გავაკეთეთ, დავიწყეთ ონლაინ გაყიდვები საზღვარგარეთ - პირდაპირ უცხოურ ბაზარზე გავედით, რომ მერე ფართი გვექირავებინა. წინა წელს USAID-ის გრანტი მივიღეთ 70 000-მდე ლარამდე, რომლითაც საწარმოს 10 დანადგარი ვიყიდეთ. ყოველთვის ნატურალურ ტყავს ვიყენებდით, ახალი დანადგარები ავტომატურად ბევრ რამეს აკეთებს და ყველაფრის ხელით კეთება აღარ გვიწევს.

რა იყო თქვენი ბრენდის მთავარი ნიშა და მახასიათებელი, რომლითაც უცხოეთის ბაზარზე დამკვიდრება შეძელით?

ძალიან განსხვავებული დიზაინი გქონდა, მულტიფუნქციური - ზურგჩანთა-ხელჩანთა ჩანთებს ვაკეთებდით და ეს ძალიან მოსწონდათ. რა თქმა უნდა, ძალიან მაღალი ხარისხი გვქონდა. მე პირადად ვაკეთებ პლატფორმების ოპტიმიზაციას, უცხოურ პლატფორმებზე ვმუშაობ და პროდუქცია ისე განვათავსე, რომ ბევრ ხალხს ენახა და მაქსიმალურად კარგად გამოჩენილიყო ონლაინ სივრცეში. მერე საიტი მე თვითონ გავაკეთე, რომელიც მთლიანად ამერიკის ბაზარზე მუშაობს და ყველაზე მეტი შეკვეთა გვაქვს ამერიკიდან. პროდუქციას ვყიდით საიტებზე - amazon, Shopify და Etsy.

როგორია ფასები, რა სეგმენტზეა გათვლილი თქვენი პროდუქცია?

ფასები გათვლილია საშუალოზე ცოტა მაღალ სეგმენტზე. ჩანთების ფასები $150-დან იწყება. ჩანთები კეთდება ან ქართული ნატურალური ტყავით, ან იტალიურით, რაც ფასში განსხვავებას იძლევა, ფასი საშუალოდ 150-დან 200 დოლარამდეა. ზოგი 300 და 350 დოლარიც ღირს, მაგრამ საშუალო ფასი ეგაა.

საწარმო გვაქვს ყიფშიძის ქუჩაზე, რომელიც მალევე გავხსენით, 2018 წლის ბოლოდან, როცა ონლაინ გაყიდვები დავიწყეთ. მაღაზია მეორე სართულზეა, სადაც ძირითადად უცხოელები მოდიან.

რა ტიპის ჩანთები გაქვთ და ასორტიმენტის გაფართოებას ხომ არ გეგმავთ?

გვაქვს ქალისა და მამაკაცის ზურგჩანთები, ხელჩანთები, საფულეები, ლეპტოპის ჩანთები, სამაჯურები, ასევე საბარათეები და ტყავის მობილურის ჩასადებები, აიპედის ქეისები. ჩანთის თითოეული მოდელი 4 სხვადასხვა ზომაში გვაქვს.

თქვენ მაინც ორიენტირებული ხართ უცხოეთის ბაზარზე, კონკრეტულად სად ყიდით პროდუქციას?

აქაც უკვეთენ, მაგრამ ძირითადად კი, უცხოეთში. გაყიდვების 90%-ზე მეტი უცხოეთზე მოდის, ძირითადად ამერიკის ბაზარზე ვმუშაობთ. ვცდილობთ, დავაკმაყოფილოთ აქაური მოთხოვნაც, მაგრამ ძირითადად ექსპორტზე გავდივართ. ამერიკის გარდა ჩვენი პროდუქცია იყიდება: კანადაში, ავსტრალიაში და ევროპის ბევრ ქვეყანაში, ძირითადად ინგლისსა და საფრანგეთში.

ბოლო წლებში რა ტემპებით იზრდებოდა წარმოება?

ახლა ალბათ 4-ჯერ მეტს ვაწარმოებთ, ვიდრე 2018-ში, კვირაში 7 ჩანთა თუ კეთდებოდა, რაც დანადგარები შევიძინეთ, 3-ჯერ უფრო სწრაფად ვაწარმოებთ ყველაფერს.

რაიმე ახალი პროდუქტის დამატებას ხომ არ გეგმავთ?

ახალი რაც დავამატეთ, არის ტყავის ვორკშოპები. ჩვენი საწარმო 3 სართულია, პირველ სართულზე სახელოსნო გვაქვს და იქ ვატარებთ ტყავის ვორკშოპებს. დავიწყეთ ქართულ და ინგლისურენოვანი ჯგუფების აყვანა, სადაც ერთ დღეში ვასწავლით ტყავის ჩანთის გაკეთებას, ჩვენი მასალისგან, ჩვენი დიზაინით. გვაქვს 2 და 4-საათიანი ვორკშოპები. 2 საათიანი ღირს - 195 ლარი, 4-საათიანი - 350 ლარი და ამ ფასში შედის უმაღლესი ხარისხის ტყავი, ინსტრუმენტები, უახლესი დანადგარები და ფოტო-ვიდეოსესიაც, რაც ყველას მოსწონს - უცხოელებსაც და ქართველებსაც. ერთი თვის წინ გვქონდა პირველი ვორკშოპი, 15 ადამიანი დარეგისტრირდა, ახლა გვაქვს შაბათს - ინგლისურენოვანი, 10 ადგილი იყო და 10-ვე შევსებულია.