„არ არის სწორი, თითქოს, იმპორტის გადასახადის შესახებ სახელმწიფოსთან დადებული შეთანხმება არ სრულდება. იმ ხორბლის უმეტესი ნაწილი, რომელიც ქართველმა მწარმოებლებმა მოიყვანეს, არის საფურაჟე. ქართულმა ხორბალმა პურის ცხობისთვის საჭირო თვისებები ვერ გამოავლინა, შესაბამისად, არ არის ხარისხიანი და მასში წისქვილები თანხას ვერ გადაიხდიან. პურის ცხობისთვის ფქვილს უნდა ჰქონდეს წებოგვარა და სხვა აუცილებელი თვისებები, რაც ამ ხორბალს არ აქვს“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემა „კომერსანტის დილაში“ პურის მწარმოებელთა კავშირის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი 50 ლარია, თუმცა არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს ფასი კიდევ გაიზრდება.
„მომხმარებელი რომ მიიღებს დახეთქილ და მოცულობით პატარა პურს, რა თქმა უნდა, არ მოეწონება. არავის აქვს ფერმერების დაზარალების ინტერესი, პირიქით, სახელმწიფოსთან ერთად გვსურს მათი დახმარება, მაგრამ ფერმერებს არც ამინდმა შეუწყო ხელი და ხორბალიც არ არის ისეთი კონდიციის, რაც პურის ცხობას სჭირდება.
სანამ ეს სისტემა ჩაეშვებოდა, რომელსაც ჰქვია ქართველი ფერმერის ხელშეწყობა და 1 ტომარა ფქვილზე 10 ლარის გადასახადი დაწესდა, მანამდე ერთი ტომარა ფქვილი 41 ლარი ღირდა, დღეს კი 50 ლარია და მგონი, კიდევ გაიზრდება. ხორბლისა და ფქვილის ფასზე ასევე, რა თქმა უნდა, იმოქმედებს რუსეთის მიერ უკრაინული ხორბლის ტრანზიტის ჩაკეტვა“, - აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.
როგორც მან განმარტა, საქართველოს, ჯერჯერობით, საკმარისი ფქვილის მარაგი აქვს და მისი სხვა ქვეყნებიდან შემოტანის პერსპექტივებიც რეალურია.
მალხაზ დოლიძის თქმით, სახელმწიფოსთან დადებულმა 5-თვიანმა შეთანხმებამ იმპორტის გადასახადის შესახებ, ნამდვილად იმოქმედა, რადგან ფქვილის 70%-ს მცხობელები ადგილობრივი წისქვილებიდან იღებენ, რაც კარგი მაჩვენებელია.
მან ხორბლის ბაზარზე მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით პროგნოზებზეც ისაუბრა, და აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში ფქვილის ფასი ნელ-ნელა კიდევ მოიმატებს.


