საქართველოში წარმოებული მარწყვი, დუბაის შემდეგ, ევროპის ბაზარზეც გაიყიდება. დაინტერესება ჩეხეთიდანაა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სასათბურე მეურნეობა „აგროსფეისის“ დამფუძნებელმა ნუცა სალუქვაძემ განუცხადა, ჩეხურ მხარესთან მოლაპარაკებები ბოლო 1 თვეა მიმდინარეობს.

„ეს მოლაპარაკება თვითონ ჩეხების მხრიდან არის დაწყებული, რაც ჩვენთვის ასმაგად სასიხარულოა იმიტომ, რომ თუკი დუბაის შემთხვევაში, ჩვენ ვწვალობდით რომ გავსულიყავით შესაბამის პირებთან კონტაქტზე, რომ რაღაცნაირად ჩვენი მარწყვი საერთაშორისო ბაზარზე გაგვეტანა,  ჩეხეთის შემთხვევაში პირიქითაა - მათი მხრიდან არის ინტერესი და მოთხოვნა. ვფიქრობთ, რომ ივნისის თვიდან, სავარაუდოდ, ამ ბაზარზეც გამოვჩნდებით“,- აღნიშნა ნუცა სალუქვაძემ.

მისივე განმარტებით, ჩეხეთში მარწყვი ექსპორტზე გაყინული სახით გავა. პროდუქტი შოკ მაცივრის მეშვეობით გაიყინება.

ჩეხეთამდე „აგროსფეისის“ მარწყვი დუბაიში გამოჩნდება. მაისის ბოლოს,  30 ტონა მარწყვი არაბთა გაერთიანებული საამიროების 10 მილიონიან ბაზარზე გაიგზავნება.