სტატიის ავტორი, ამერიკელი ღვინის მაგისტრი ლისა პეროტი-ბრაუნი (Lisa Perrotti-Brown), ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკული კომპანიის „Big Sky Ranch Inc” თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ივლისში ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, ლისა პეროტი-ბრაუნი ქართული ღვინის მწარმოებელ მარნებსა და კომპანიებს კახეთში ესტუმრა, სადაც ადგილზე დააგემოვნა მრავალფეროვანი ქართული ღვინოები, გაეცნო ღვინის დაყენების ქართულ ტექნოლოგიებს.

ამასთან ერთად, თბილისში, ორი დღის განმავლობაში, სპეციალურ დეგუსტაციაზე ლისა პეროტი-ბრაუნმა სხვადასხვა ღვინის კომპანიის 100-მდე ღვინო დააგემოვნა. ღვინის მაგისტრის მიერ გასინჯულ ღვინოებზე შეფასებები „The Wine Palate“-ის  სტატიაში გამოქვეყნდა. ცნობილ ამერიკელ ღვინის მაგისტრთან თანამშრომლობის მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ონლაინ-გამოცემა „The Wine Palate“ (ღვინის გემო) მოიცავს ექსპერტების მიერ შეფასებული ღვინოების მონაცემთა ბაზას მთელი მსოფლიოდან,  განახლებადი ახალი მიმოხილვებით. საიტი შექმნილია,  რათა დაეხმაროს მომხმარებლებს, ადვილად იპოვოს სასურველი ღვინოების სტილი და, ამავდროულად, გაიუმჯობესოს ღვინის დაგემოვნების გამოცდილება.

ლისა პეროტი-ბრაუნი საქართველოს მიმდინარე წლის ოქტომბერში ისევ ეწვევა. ამერიკელი ღვინის მაგისტრი, რომელიც ღვინის ინდუსტრიაში 25 წელზე მეტია მოღვაწეობს, ძირითადად, ამერიკულ და ბორდოს ღვინოებს, ასევე, შამპანურს მიმოიხილავს, რასაც ქართული ღვინოებიც დაემატა.

ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2013 წლიდან განხორციელებულმა მიზანმიმართულმა მარკეტინგულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის ზრდას.

(საქართველოზე სტატიისა და ქართული ღვინის შეფასებების სანახავად აუცილებელია საიტზე რეგისტრაცია: https://thewinepalate.com/.).

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს