„დღეს საქართველოში ტურიზმის მიმართულებით სრულიად სხვა ვითარებაა, ვიდრე 2019 წლამდე იყო, მანამ სანამ პანდემია დაიწყებოდა და ქვეყანაში ტურიზმის ბუმი იყო“ - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ Rooms Hotels - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ ისაუბრა. მისი თქმით, ტურიზმის სექტორს ომის ფაქტორი ძალიან ეტყობა და ევროპული ბაზრებიდან დიდი კლებაა.
„უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ევროპას არასტაბილურობის განცდა აქვს და ამიტომ საქართველოში მოგზაურობისგან ევროპელები თავს იკავებენ, თუმცა მე მაინც მჯერა, რომ სწორ ბაზრებზე, სწორი მესიჯებით და იმის ჩვენებით, რომ რეგიონში ომის მიუხედავად, საქართველოს ტურისტების მიღების პოტენციალი აქვს, შევძლებთ ამ ადამიანების ისევ ჩამოყვანას.
საქართველოში მთაც და ზღვაც მათი საყვარელი მიმართულებაა, რაც ევროპაში ყოველთვის პოპულარული იყო, უბრალოდ ამ მიმართულებით, რასაკვირველია, გარკვეული სამუშაოებია ჩასატარებელი, დასარწმუნებელია ის ტურისტული სააგენტოები, რომლებიც ტურისტების შემოყვანაზე მუშაობენ, სამუშაოა პირდაპირი რეისების მიმართულებით, რომ მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები ჩამოვიდნენ საქართველოში, რაც ჩვენ ქვეყანას ძალიან აკლია.
დღეს საქართველოში მოთხოვნა ძირითადად გალფის ქვეყნებიდან გვაქვს, აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეები ტურისტად ჩამოსულები არ არიან, ისინი არც სასტუმროში ჩერდებიან და არც ტურისტულ სერვისებს მოიხმარენ,“ - აღნიშნა ვალერი ჩეხერიამ.
ჩეხერიას თქმით, რუსეთის მოქალაქეების მხრიდან „თბილისი რუმსისგან“ განსხვავებით „რუმს ყაზბეგის“ მიმართ დაინტერესება შედარებით უფრო მაღალია. მისივე თქმით, რუსეთის მოქალაქეების პირველი შემოდინების დროს შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეების დაინტერესება თბილისშიც მაღალი იყო, თუმცა ახლა უკვე ცდილობენ რომ ბინა იქირაონ და დაბალბიუჯეტიანი სახლებში დასახლდნენ.
„წელს რასაც ველოდით გვგონია, რომ ის დატვირთულობა არ იქნება, მაგრამ პანდემიასთან მიმართებით ზრდა მაინც იქნება. რაც შეეხება ბაზრებს, პირველ რიგში აქცენტს გავაკეთებთ იმ ბაზრებზე, საიდანაც გვაქვს პირდაპირი ფრენები, ძალიან დატვირთული იყო გერმანია, ბალტიისპირეთის ქვეყნები და ბოლოს ძალიან კარგად ვიმუშავეთ საფრანგეთთან, იმიტომ რომ რეალურად ამაში პირდაპირმა რეისებმა ძალიან შეგვიწყო ხელი და საფრანგეთიდან საქართველოს მიმართულებით ტურები წამოიწია. ასევე საქართველოში ძალიან აქტიურად ჩამოდიან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, სათხილამურო სეზონზე საკმაოდ ბევრ ტურისტს ვიღებთ.“ - აღნიშნა ვალერი ჩეხერიამ.