„პასკა 29 ლარიდან 45 ლარზე გავაძვირე, რადგან ყველაფრის ფასი ასტრალშია“, - ამის შესახებ "ფუსფუსის" დამფუძნებელმა, ნათია ყურშუბაძემ BMGTV-ს გადაცემაში "ქალების ნარატივი" განაცხადა.
მისი თქმით, შარშან, როდესაც დატვირთვა ბევრად დიდი იყო, იმის გამო რომ კომპანიამ ფასები არ გაზარდა, მოგება მხოლოდ 700 ლარი ჰქონდათ. ამიტომ, გაძვირებული ნედლეულის ფონზე „ფუსფუსმა“ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ფასები მკვეთრად გაეზარდა.
„ხარჯების ზრდის ფონზე, პასკის ფასი შარშან მაინც არ გავზარდე და ბოლოს აღმოვაჩინე, რომ მოგება მხოლოდ 700 ლარი მქონდა. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ წელს, პასკის ღირებულება 29 ლარიდან 45 ლარზე გამეძვირებინა, თუმცა წონაც მოვამატე. მირჩევნია ნაკლები შეკვეთა მივიღო და ხარისხი იგივე დავტოვო, ვიდრე ფასი არ შევცვალო და ხარისხი დავაგდო. ამას ვერც ჩემ პასკას და ვერც ჩემს „ფუსფუსელებს“ ვერ ვაკადრებ.
მომატებული ფასები ჩემმა მომხმარებლებმა აბსოლუტურად ადეკვატურად მიიღო, რადგან ყველას ესმის თუ რა ყოფაც გვაქვს. თანაც, ვინც პასკას ამზადებს, მან კარგად იცის, რომ ცხობის პერიოდში სხვას სახის შეკვეთას ვერ მიიღებ. შარშანაც, კაფე საერთოდ დავხურეთ ამის გამო. მაგიდები რაც გვქონდა, სულ პასკებით გვქონდა სავსე და ყველანაირი შეკვეთა შევზღუდეთ. მხოლოდ პასკაზე ვიყავით ორიენტირებული“, - ამბობს „ფუსფუსის“ დამფუძნებელი.
ის დასძენს, რომ გაზრდილი ფასების გამო კორპორატიული შეკვეთა არ აქვს და წელს, სავარაუდოდ მხოლოდ ინდივიდუალური შეკვეთები ექნება. რაოდენობა კი, 400 პასკის ფარგლებში იქნება.