თელავის რაიონში, სოფელ რუისპირში მდებარე მეღვინეობა "რტონი"  მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის ტემპს ინარჩუნებს. როგორც "ბიზნესპარტნიორთან" მარნის და ტურისტული სივრცის დამფუძნებელი, გიორგი სხირტლაძე აღნიშნავს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვიზიტორების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა.

მეღვინის ინფორმაციით, დადებითი დინამიკა, პირველ რიგში, სტაბილურ გარემოს და კმაყოფილ სტუმრებს უკავშირდება.

ტურისტული ობიექტის დამფუძნებელი წარმადობის შესახებაც საუბრობს ხაზს უსვამს, რომ წელიწადში 20 000 ბოთლი ღვინის რეალიზაცია ხდება.

"ვენახი 4 ჰექტარზე გვაქვს გაშენებული, ზოგჯერ ყურძენს ადგილობრივი ფერმერებისგანაც ვიძენთ. ჯამში 8 ტიპის ღვინო გვაქვს: "ქისი", "ხიხვი", "კახური მწვანე", "საფერავი" და ა.შ.

წარმოდგენილი ადგილობრივ ღვინის მაღაზიებში ვართ, მაგალითად, 8 000 მოსავალში, გუდვილში. ერთი ბოთლის ფასის დიაპაზონი 23-დან 45 ლარამდე მერყეობს. ამასთან,  ლოკალური ბაზრის გაფართოებაზე აქტიურად ვმუშაობთ, თუმცა ამჟამად, დამატებითი დეტალების თქმა გამიჭირდება.

მარანში ვიზიტორებს აქტიურად ვიღებთ და სადეგუსტაციო ტურები გვაქვს. განსაკუთრებით უცხოელები აქტიურობენ 70%-ი სწორედ ამ სეგმენტს უჭირავს, დანარჩენი ნაწილი კი ადგილობრივ მოსახლეობაზე მოდის. უცხოეთიდან ევროპიდან, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან გვსტუმრობენ.

აზიელ ტურისტებს, რაც შეეხება საუბარი გამიჭირდება, რადგან "რტონში" ჯერჯერობით, აზიელი ვიზიტორები არ გვყოლია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა. გასული წლები უფრო სტრესული იყო, გარემო პირობები სახარბიელო არ გახლდათ, ამასთან, სოციალურ ქსელში აქტიური მარკეტინგული ჩართულობა, მომხმარებლების რაოდენობის ზრდის ტემპზე პოზიტიურად მოქმედებს. დრო გადის და კმაყოფილი მომხმარებლების რაოდენობაც იზრდება", - აღნიშნავს მეღვინე.

გიორგი სხირტლაძე საექსპორტო ბაზრის მიმართულებითაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ ამჟამად, ღვინის რეალიზაცია დიდ ბრიტანეთში, ჰოლანდიაში, გერმანიაში, ჩეხეთში, ესპანეთში ხდება.

"მთლიანი გაყიდვების საექსპორტო წილი წელიწადში 30%-ია. ამ ეტაპზე, აღნიშნული მიმართულებით გაფართოებას არ ვგეგმავთ", - აცხადებს მეღვინე.

ცნობისთვის, მეღვინეობა "რტონი", რომელიც თელავის რაიონში, სოფელ რუისპირში მდებარეობს, ადგილობრივ ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს. 

წყარო: ბიზნესპარტნიორი