„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში შესული ცვლილების თანახმად, ავტოსადგურები საერთაშორისო პრინციპების შესაბამისად მოწესრიგდება, ავტოსატრანსპორტო საშუალებები და გადამზიდავი კომპანიები კი სერტიფიცირებას დაექვემდებარებიან.
ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ 2024 წლის თებერვლამდე გადამზიდავებმა პირველი ეტაპის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ, ხოლო 2025 წლის მაისისთვის რეფორმა სრულყოფილად უნდა განხორციელდეს.
საქართველოს ავტომობილების ტექინსპექტირების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობით ავტოსადგურებს ევალებოდათ მოეწესრიგებინათ უფრო მეტად ვიდრე დღეს არის და შესაბამისობაში მოეყვანათ მათ მფლობელობაში არსებული ავტოსადგურები, მაგრამ ეს არ კეთდებოდა. მთავარი პრობლემა კი კანონის აღსრულებაშია.
„ეს არის სფერო, რომელსაც არანაირი რეფორმა არ შეხებია, ჩარჩენილი არის 90-იან წლებში და პრაქტიკულად უკონტროლოა, ეს ეხება უსაფრთხოების ნაწილს რაც ძალიან საგანგაშოა.
ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ავტობუსების და მიკროავტობუსების 70%-ს რომლებსაც მგზავრები გადაჰყავს საერთოდ არ გადიან ტექინსპექტირებას. ეს ნიშნავს იმას, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა არის ტექნიკურად გაუმართავი, კუსტარულად გადაკეთებულია და საშიშია მგზავრებისთვის, ამაზე შესაბამისი სამსახურები კი ვერ რეაგირებენ. სრული განუკითხაობაა, ამას ემატება ე.წ. „ხიშნიკი“ მძღოლები და სხვა.
მოქმედი კანონმდებლობით ავტოსადგურებს ევალებოდათ მოეწესრიგებინათ უფრო მეტად ვიდრე დღეს არის და შესაბამისობაში მოეყვანათ მათ მფლობელობაში არსებული ავტოსადგურები, მაგრამ ეს არ კეთდებოდა. ამას ჰქონდა ბევრი ახსნა, მთავარი მიზეზებიდან იყო ის, რომ მაკონტროლებელ ორგანოს, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს რომ შეემოწმებინა ავტოსადგურების გამართულობა, ამისთვის უნდა აეღო ნებართვა სასამართლოში, სასამართლო კი ნებართვას მოგცემდა თუ არა, ეს ცალკე თემაა. შესაბამისად, ვერ ხდებოდა შემოწმება. ეს ბარიერი ჩაიხსნება და არასამთავრობო ორგანიზაციებს უფრო მეტად გვექნება საშუალება თუნდაც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მოვთხოვოთ რეაგირება დარღვევებზე, ვიდრე დღეს გვაქვს.
ფაქტია რომ, დღესდღეობით მთავარი პრობლემა არის კანონის აღსრულებაში. წარმოიდგინეთ დღეს არსებობენ ისეთი მძღოლები, რომლებსაც შესაბამისი მართვის მოწმობაც კი არ აქვთ, აქ უკვე ფაქტია რომ პრობლემა კანონის აღსრულებაშია. კანონის აღსრულება ორმხრივია, ეს ეხება გზებზე აღსრულებას და ის რეგულაციები, რომლებიც ავტოსადგურებს მოეთხოვებათ უნდა იყოს დაცული.
რაც შეეხება ახალ რეფორმას პროცესი უნდა იყოს ღია და ჩართული უნდა იყოს ყველა მხარე. მეორეს მხრივ უნდა მოხდეს კანონის აღსრულება ყველა მიმართულებით“, - განმარტა დავით მესხიშვილმა.
ეკონომიკის სამინისტრო ავტოსადგურების ლიცენზირების შესახებ კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს პერიოდში გადააგზავნის. სამინისტროში მოლოდინი აქვთ, რომ კანონი საშემოდგომო სესიაზე მიღებული იქნება.