როგორ დაიწყო 2023 წელი ფეროშენადნობთა სექტორისთვის და რა გამოწვევების წინაშე დგას ბიზნესი, თემაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ფეროშენადნობთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნუგზარ კევლიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით უკვე ერთი წელია, რაც სექტორში ნეგატიური ტენდენციებია. ნუგზარ კევლიშვილის განმარტებით,  რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გამოიწვია ის, რომ მეტალის წარმოება, პირველ რიგში ევროპაში და შემდეგ მთელ მსოფლიოში დაეცა, დაიწყო პოლიტიკური და ეკონომიკური  კრიზისი, რამაც ჯაჭვური რეაქცია გამიწვია და ქართულ ფეროშენადნობზეც ნეგატიური გავლენა მოახდინა.

 

 

„ფასის ვარდნა დაიწყო გასული წლის მარტში და 2022 წლის ბოლომდე გრძელდებოდა, 2022 წლის დეკემბერში ფასი ოდნავ გაიზარდა და გაჩნდა იმედები, რომ 2023 წელი კარგად დაიწყებოდა, მაგრამ იანვარში თუ ფასი 1250 დოლარის ნიშნულზე დაფიქსირდა, თებერვალში ფერო სილიკონ მანგანუმზე 1233 დოლარი  შეადგინა. ეს ტენდენციები ნარჩუნდება, მთლიანად მსოფლიოში  მეტალის  წარმოებამ საკმაოდ იკლო, აშშ-ს ბაზარი, რომელიც სტაბილურობით გამოირჩევა 42% - იანი ფასის კლება ჰქონდა გასული წლის  დეკემბერში. ძალიან დიდი პრობლემებია ევროპაშიც, პრაქტიკულად  მოთხოვნა  არ  არის,  თითქოს  თურქეთი  დეკემბრის  ბოლოს გამოცოცხლდა, მაგრამ მიწისძვრამ რეგიონი დააზარალა, იმ რეგიონში სადაც მიწისძვრა მოხდა, ნაწილი შეჩერებულია, ნაწილმა  კი წარმოება  შეამცირა“, — აღნიშნა ნუგზარ კევლიშვილმა.

 

კითხვაზე თუ რა იწვევს ფეროშენადნობზე ფასების ვარდნას, ნუგზარ კევლიშვილი აღნიშნავს, რომ პირველ რიგში ეს უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა, მისივე თქმით ამ ეტაპზე არანაირი დიდი პროექტი არ კეთდება და დიდ პროექტებში  თანხები არ იდება, რადგან ყველა ელოდება ამ ყველაფრის დასრულებას.

 

„რაც შეეხება თურქეთის მიწისძვრას, ჯერ მიდის გაწმენდითი სამუშაოები, 4-5 თვე  დასჭირდება გაწმენდით  სამუშაოებს და შემდეგ ეს მოთხოვნა გაჩნდება, აღსანიშნავია ისიც, რომ ხარისხის კუთხით თურქეთის ბაზარზე კონკურენტი არ გვყავს,  ჩვენს კონკურენტებად ამ ბაზარზე ინდოელები ითვლებიან, თუმცა მხოლოდ ფასით, ხარისხით კონკურენციას ვერ გვიწევენ.

 

ამ ბაზარზე ერთ -ერთ დიდი მოთამაშე და პარტნიორი არის აშშ. იმედი გვაქვს, რომ აშშ-ში გაიზრდება ექსპორტი და მოთხოვნა ქართულ პროდუქციაზე, რაც  შეეხება რუსეთის  და ევრაზიის ბაზარს, ეს ბაზრები ქართული პროდუქციისთვის პრაქტიკულად  დახურულია, 2019 წელს დაწყებულმა გამოძიებამ, 2022 წლის დეკემბერში გადასახადი დააწესა ქართულ პროდუქციაზე, რაც 2017 წელს დაუწესეს უკრაინელებს და პრაქტიკულად  კონკურენტუუნაროა  რუსეთის  ბაზარზე.  შარშანდელი მონაცემებით ქართული ფერო სილიკონ მანგანუმის  40%  გადიოდა  რუსეთის  ფედერაციაში, ერთბაშად 40% ის  შევსება  ძალიან რთული იქნება, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ გამოცოცხლდება  ევროპა და  დაიწყება  ის პროცესები, რაც იმედს  მოგვცემს, რომ ჩვენი ბაზარი გაიზარდოს, გამსხვილდეს და ევროპის  ქვეყნებში მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ“, - აღმნიშნა ნუგზარ კევლიშვილმა.

 

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, კევლიშვილი აღნიშნავს,  რომ ამ პროდუქციის 98% ექსპორტია, ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა ძალიან დაბალია.

 

„ქართველები 10 წელია ამ პროდუქციას  ვაწარმოებთ და მთელ მსოფლიოში ძალიან კარგი რეპუტაცია გვაქვს  დამკვიდრებული, შიდა  ბაზარზე  არ არის საუბარი,  ახლა  ძალიან მძიმე პერიოდი უდგას სექტორს,  ზამთარია  ელექტრო ენერგიაზე ფასი მაღალია და აქედან გამომდინარე  ბევრ  საწარმოს  მოუწია  გაჩერება.

 

თაკო კვაჭანტირაძე