საცხობ-საკონდიტრო „მადარტს“ მინიმუმ ორჯერ ნაკლები მოგების მარჟა უჭირავს ვიდრე ფრანგული ტიპის საცხობებს როგორიცაა Entrée • ანტრე და PAUL Georgia. თბილისში არსებული საცხობ-საკონდიტრო ტიპის ობიექტების ფინანსურ მაჩვენებლებზე ინფორმაციას FinSPOT Georgia აქვეყნებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, მოგების მარჟებს შორის თვალშისაცემი სხვაობა მეტყველებს „მადარტის“ სტრატეგიაზე, მოიზიდოს მომხმარებელი ხელმისაწვდომი ფასებით და გავიდეს რაოდენობრივ მოცულობაზე.
აღნიშნულს სამი კომპანიის მაგალითზე, ყველაზე მაღალი საერთო მოგების მარჟა PAUL Georgia-ს უჭირავს.
„პოლის 67%-იანი მარჟა აიხსნება მისი სარესტორნო/კაფის სტილის მომსახურებით. როგორც წესი, კაფე/რესტორნებს პროპორციულად გაცილებით მაღალი ხარჯები აქვთ, ვიდრე გატანაზე ფოკუსირებულ საკონდიტრო/საცხობებს“, - აღნიშნავენ FinSPOT Georgia-ში.
რაც შეეხება საოპერაციო ხარჯებს, „მადარტის“ საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავალში 21%-ია, Entrée • ანტრე-ს და PAUL Georgia-ს კი 60%-ის ფარგლებში მერყეობს. ვინაიდან მადარტს მხოლოდ გატანის სერვისი აქვს, არ უწევს დამატებითი საოპერაციო ხარჯების გაწევა, რაც კაფის არსებობის შემთხვევაში ექნებოდა.
„რაც შეეხება კაპიტალის სტრუქტურას, PAUL Georgia-ს საერთოდ არ აქვს სესხი ბალანსზე და ჩადებული კაპიტალით ფინანსდება. „მადარტს“ 4 მილიონი ლარის სესხი, ბალანსზე კი 2.5 მილიონი ლარის ქეში აქვს, რაც დაბალრისკიანობასა და მაღალგადახდისუნარიანობაზე მიუთითებს. Entrée • ანტრე-ს შემთხვევაში კი, მთლიანი სესხები კაპიტალს 2.6-ჯერ აღემატება და სექტორისთვის საკმაოდ მაღალ-ლევერიჯიანი კომპანიაა“, - აღნიშნულია FinSPOT Georgia-ს ინფორმაციაში.
წმინდა მოგების მარჟის კუთხით, „მადარტი“ ლიდერობს, 2021 წელს მას 4.6 მლნ ლარის წმინდა მოგება ჰქონდა. PAUL Georgia-ს მოგებამ კი 0.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც შეეხება Entrée • ანტრე-ს, კომპანიამ 2021 წელი ზარალზე დახურა, შესაბამისად უარყოფითი მარჟა აქვს.