აგროკომპანია „ქანდა აგრიქალჩერი“, რომელიც ბაზარზე Harvest-ის ბრენდით არის ცნობილი, რთულ სეზონზე საუბრობს. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა თამარ ბერულავამ BM.GE-სთან განაცხადა, 2025 წლის კლიმატურმა პირობებმა, კერძოდ ყინვამ მნიშვნელოვნად შეაფერხა კომპანიის საექსპორტო გეგმები და მათი განხორციელება დროებით გადაიდო.

აღსანიშნავია, რომ კომპანია ჯერ კიდევ წლის დასაწყისში საუბრობდა საექსპორტო გეგმებზე. ბერულავა ამბობდა, რომ 2026 წლიდან „ქანდა აგრიქალჩერის“ პროდუქცია, კერძოდ ბრტყელი ატამი, ბალი, მსხალი და გარგარი ექსპორტზე უნდა გასულიყო. თუმცა, შექმნილმა კლიმატურმა პირობებმა, კომპანიის გეგმები გარკვეულწილად შეცვალა.

„წელს ვერ განვახორციელეთ ის, რაც გვქონდა დაგეგმილი. ვფიქრობთ, რომ პროდუქციის ნაწილს ადგილობრივ ბაზარზე გავყიდით, ხოლო ექსპორტზე გატანაზე მუშაობას თებერვლიდან დავიწყებთ“, - განაცხადა ბერულავამ.

მისი თქმით, ვაშლი ამ ეტაპზე საექსპორტო გეგმებში არ შედის, რადგან მისი გატანა საერთაშორისო ბაზარზე არამოგებიანია.

„ახლა ბაღების შენარჩუნებაზე ვართ კონცენტრირებული და ვცდილობთ, დაგეგმილი შემოსავლების გენერირება შევძლოთ“, - დასძინა კომპანიის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, „ქანდა აგრიქალჩერი“ 2021 წელს დაარსდა და ფლობს 200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწას სოფელ ქანდაში, საიდანაც ამ დროისთვის 110 ჰექტარია ათვისებული. კომპანიას ბაღები აქვს გაშენებული ატმის, ნუშის, ვაშლის, მსხლის, ქლიავის, ბლისა და გარგარის კულტურებზე.

bm.ge