კანარის კუნძულების დედაქალაქში ქართული რესტორნის გახსნა იგეგმება, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ვახტანგ ქართველიშვილმა, კავკასიის რეგიონში კანარის კუნძულების ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განუცხადა.

მისი თქმით, საკითხზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. „ჩვენი დაკვირვებით, კანარის კუნძულებზე ქართველი დამსვენებლების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და მათ კიდევ უფრო მეტად მოსაზიდად, ვაპირებთ, ლას- პალმასში გავხსნათ ქართული კვების ობიექტი ერთ-ერთი გრანდიოზული სასტუმროს ტერიტორიაზე“, - განმარტა ვახტანგ ქართველიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, კავკასიის რეგიონში კანარის კუნძულების ტურიზმის დეპარტამენტის წლევანდელ გეგმებში შედის თბილისიდან კანარის კუნძულებისკენ ჩარტერული ავიარეისების დანიშვნაც.

„კანარის კუნძულების ტურიზმის დეპარტამენტმა, ჩვენთან ერთად, უკვე შეიმუშავა სპეციალური ტურისტული პაკეტები, რათა მორგებულიყო ქართველ მომხმარებელს. მათ შორის, ფრენების კუთხითაც მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე ავიაკომპანიასთან. მიდის იმაზე საუბარიც, რომ შეიძლება ჩარტერული ავიარეისებიც კი დაინიშნოს თბილისიდან ლას-პალმასის მიმართულებით, რადგან ჩვენს მომხმარებლებს გავუმარტივოთ გადაადგილება და ფრენის ხანგრძლივობა შევუმციროთ“, - აღნიშნა კავკასიის რეგიონში კანარის კუნძულების ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, კანარის კუნძულები საერთაშორისო ვიზიტორებისთვის ერთ-ერთ გამორჩეულად პოპულარულ ტურისტულ მიმართულებას წარმოადგენს და აქ დამსვენებლების რიცხვი წლიდან წლამდე მზარდია. გასული 2025 წლის მონაცემებით, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, კანარის კუნძულებს 16 მილიონამდე ტურისტი ეწვია, რაც 2024 წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით, 3.6%-ით მეტია.

წყარო: ბიზნესპარტნიორი