„მოლოდინების განსაზღვრა ცოტა რთულია , მაგრამ იმედია ყველაფერი სწორად დალაგდება და ისევ დავიბრუნებთ კინოს ბილეთების ონლაინ გაყიდვის უფლებას, რომელიც საქართველოში  პირველად ჩვენ დავიწყეთ,“ - ასე გამოეხმაურა Biletebi.ge - ს დამფუძნებელი და  დირექტორი დავით მიზანდარი საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ „ელ.ბილეთების“ საჩივრის საფუძველზე ხუთი ეკონომიკური აგენტის მიმართ მოკვლევის პროცესის  დაწყებას.

 

დავით მიზანდარი „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებდა, რომ Biletebi.ge-ს თიბისი-მ კინოთეატრების ბილეთების გაყიდვა შეუჩერა და  ექსკლუზიური უფლება ონლაინ რეალიზაციაზე თვითონ აიღო და საქმე კარტელური გარიგებასა და დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებას ეხებოდა.

 

კონკურენციის  სააგენტოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მოკვლევა ორი მიმართულებით დაიწყო, რაც დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებას („კონკურენციის შესახებ კანონის მე-6 მუხლი) და კონკურენციის შესაძლო შემზღუდველ შეთანხმებებს ე.წ. კარტელური გარიგებებს (კონკურენციის შესახებ კანონის მე-7 მუხლი)  გულისხმობს.

 

„დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტზე მოკვლევა დაიწყო ერთი ეკონომიკური აგენტის მიმართ, ხოლო, კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების სავარაუდო ფატზე ხუთი ეკონომიკური აგენტის მიმართ.

 

ინფორმაციისთვის: საქმის მოკვლევის დაწყებიდან, არაუგვიანეს, 6 თვის ვადაში სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს. საკითხის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, მოკვლევის პროცესი შეიძლება 18 თვემდე გაგრძელდეს.

 


კონკურენციის ეროვნული სააგენტო, მიმდინარე რეჟიმში, მოკვლევის 4 საქმეს განიხილავს - შეთანხმებული ქმედების, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის და ადმინისტრაციული უწყების მხრიდან, კონკურენციის შეზღუდვის სავარაუდო შემთხვევებს - საავტომობილო საწვავის, თამბაქოს, საზღვაო ტრანსპორტის და მუნიციპალური პროექტების ზედამხედველობის სექტორებში. 2023 წელს, უწყებამ ერთი მოკვლევა დაასრულა და ადმინისტრაციული უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი დაადგინა,“— ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

თაკო კვაჭანტირაძე