თბილისის დღევანდელ აეროპორტს გაფართოების შესაძლებლობა არ აქვს იმ მოცულობით, რა მოცულობაც ქვეყანას სჭირდება - დღის წესრიგში დგას ახალი აეროპორტის აშენება, რომელსაც მეტი გამტარობა ექნება, - ფინანსთა მინისტრის ამ განცხადების შემდეგ, აქტუალური გახდა თემა, რას გეგმავს სახელმწიფო.
დარჩება თუ არა 2027 წლის შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველობაში TAV-Georgia, ჯერჯერობით უცნობია, ასევე უცნობია კონკრეტული დეტალები, თუ როდის და სად აშენდება ახალი აეროპორტი.
აეროპორტების მმართველ მოქმედ კომპანიასა და ახალი აეროპორტის პერსპექტივებზე „ბიზნესპრესნიუსთან" საავიაციო სფეროს სპეციალისტმა, იასე ზაუტაშვილმა ისაუბრა.
„თავიდანვე, წინა ხელისუფლების დროს იყო უდიდესი შეცდომა, როცა კაბალური პირობებით შემოუშვეს „ტავ ურბანი“ საქართველოში. როცა, ნებისმიერი ქვეყნის კომპანია, არ აქვს მნიშვნელობა მეგობარია თუ არა, განგისაზღვრავს პირობას, შენს ქვეყანაში სტრატეგიული ობიექტი ააშენო თუ არა და სად ააშენო, ამ პერსპექტივით ნიშნავს, რომ მოგიკლა პერსპექტივა, გახდე ჰაბის ფუნქციის მქონე. ეს პერსპექტივა მოკლეს ჯერ კიდევ კონტრაქტის დადების დროს. მეორე უდიდესი შეცდომა იყო, როცა 2014 წელს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ გაუგრძელა TAV-ს ხელშეკრულება 2027 წლამდე.
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც საქართველოში იყვნენ ჩამოსული 4 ალტერნატიულ ვარიანტს ასახელებდნენ და არა, ხელშეკრულების გაგრძელებას. ტყუილია, თითქოს ჩვენ, უზარმაზარი ჯარიმის გადახდა მოგვიწევდა. დასკვნაში ასახული იყო ყველა დარღვევა და ნაკლოვანება, ყველა შეუსრულებელი პირობა კომპანიის მხრიდან, რის გამოც კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში, პრეტენზია ვერ ექნებოდათ სახელმწიფოსთან. ეს შესაძლებლობა ხელისუფლებამ მაშინ ხელიდან გაუშვა. ტაქსის მოსაკრებლის და სხვა გადასახადების სახით, კოლოსალური მოგება მიაქვს TAV-ს ქვეყნიდან და ჩვენი ხელისუფლება ახლა კიდევ ამბობს, რომ რადგან კომპანია თბილისთან ახლოს აეროპორტის აშენების ნებას დაგვრთავს 2027 წლის მერეც გავუგრძელოთ კონტრაქტი. ეს ნიშნავს, რომ ახალმა აეროპორტმა უნდა გაუწიოს კონკურენცია უკვე არსებულს, სადაც ისევ ძველი კომპანია დარჩება.
თვითონ იდეა, ჩემთვის მისაღებია, რომ აშენდეს მეორე აეროპორტი. თბილისს სჭირდება ბევრად უფრო დახვეწილი და სრულყოფილი, თანამედროვე სტანდარტების აეროპორტი. შევხედოთ რა ხდება რეგიონში, სტამბოლზე აღარ ვსაუბრობ. ძალიან მაღალი სტანდარტების აეროპორტია ბაქოში, ასევე ერევნის. ჩვენ კი გვაქვს პრეტენზია, რომ 7-8 მლნ ვიზიტორი მივიღოთ და ამ დროს გვაქვს აეროპორტი, რომელსაც ტრანზიტული ტერმინალი არ აქვს", - აცხადებს ზაუტაშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან".
ზაუტაშვილმა ასევე ისაუბრა, სად შეიძლება აშენდეს ახალი აეროპორტი. მისი თქმით, ამისთვის არსებობს უკვე შესწავლილი ტერიტორია - ვაზიანი, სადაც ინფრასტრუქტურის ნაწილიც მოწყობილია.