Glamping Tago - ასე ჰქვია აჭარაში ხულოს მუნიციპალიტეტ სოფელ თაგოში მდებარე ლოტუსის ფორმის გლემპინგების დასასვენებელ კომპლექსს. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას სივრცის მარკეტინგის მენეჯერმა ანა კვარაცხელიამ ისაუბრა, გლემპნგის ტიპის სასტუმროების მიმართ დამსვენებელთა ინტერესი საკმაოდ მაღალი და მზარდია. მისივე თქმით Glamping Tago ჯავშნებს წინასწარ იღებს და ოქტომბერი უკვე დაჯავშნილია.
„ამ ეტაპზე ტერიტორიაზე 10 ლოტუსის ფორმის კარავი გვაქვს, თითოეულში მაქსიმუმ 2 ზრდასრულის და ერთ ბავშვის განთავსებაა შესაძლებელი, ლოტუსის ფორმის კარვების გარდა გვაქვს ერთი დიდი გუმბათოვანი კარავი სადაც 9 ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი და ხშირ შემთხვევაში ფუნქციონირებს როგორც ჰოსტელი, ამ გუმბათოვან გლემპინგში შესაძლოა ერთი ან ორი ადგილი დაიჯავშნოს, ან ცხრა კაციანი ჯგუფი ერთად მოვიდეს.
ჯავშნებს ძალიან ადრე ვიღებთ, უკვე ოქტომბრის ჯავშნები გვაქვს მიღებული, დამსვენებლები არიან როგორც ქართველები, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც, ჩამოდიან ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან, გვსტუმრობენ უკრაინელები, ბელარუსები და საქართველოში მცხოვრები რუსებიც. Glamping Tago მომხმარებელს უკვე მესამე სეზონია რაც მასპინძლობს.“ - აღნიშნავს ანა კვარაცხელია.
ანა კვარაცხელიას თქმით ქართულ ბაზარზე „გლემპინგის“ ტიპის დასასვენებელი ადგილები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და კონკურენციაც მზარდია, თუმცა მისივე თქმით ლოტუსის ფორმის კარვები ჯერჯერობით საქართველოში სხვაგან არ გვხვდება.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ანა კვარაცხელია აღნიშნავს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე გაფართოვდნენ და მოთხოვნიდან გამომდინარე კარვები დაამატეს, თუმცა სამომავლოდ ლოტუსის ტიპის კარვებს შესაძლოა საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც, მათ შორის თბილისის შემოგარენში შევხვდეთ.
გლემპინგ კარავში ორი ადამიანის საუზმის გარეშე განთავსების ფასი აქტიურ სეზონზე საშუალოდ 250 ლარს შეადგენს.