საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ salemart.ge-ის მიერ შეცდომაში შემყვანი, მანიპულაციური სავაჭრო ტაქტიკის (Dark Pattern) გამოყენების ფაქტი დაადგინა,- ამის შესახებ GCCA-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ამათ ამაროვმა რადიო ,,კომერსანტის” ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, სავაჭრო საიტი მანიპულაციის მრავალ გზას იყენებდა, მათ შორის: ყალბ ფასდაკლებებს, არაორიგინალი ბრენდების ორიგინალ პროდუქციად გასაღებას და საიტზე განთავსებული პროდუქციის ყალბი შეფასების სისტემას.
,,მანიპულაციური სავაჭრო ტაქტიკა (Dark Pattern), არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებულია. ყველა არაკეთილსინდისიერი მოვაჭრე ცდილობს მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანოს.
ხშირად გვინახავს, რომ გამოცხადებულია ფასდაკლება თითქმის 90%-იანი სრულ პროდუქციაზე, შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ ფასდაკლება 90%-მდეა და ჩვენთვის სასურველ პროდუქტზე შესაძლოა 10%-იც არ იყოს ფასდაკლებული. რა თქმა უნდა, ასეთი ქმედება მოვაჭრის მხრიდან არაკეთილსინდისიერია და უსამართლო კომერციულ საქმიანობას წარმოადგენს.
სააგენტომ salemart.ge-ის საქმესთან დაკავშირებით იმსჯელა და საკმაოდ ბევრი Dark Pattern-ის შემთხვევა დააფიქსირა.
GCCA-ში შემოვიდა განცხადება, რომლის თანახმად, მომხმარებელმა შეიძინა კონკრეტული ფირმის უთო, თუმცა განსხვავებული დასახელების უთო მიიღო, რამდენიმე ასო იყო განსხვავებული ბრენდის ნიშანზე და მოვაჭრე ამ პროდუქციას ორიგინალად ასაღებდა. ჩვენ არა მხოლოდ ეს კონკრეტული შემთხვევა, არამედ მოვაჭრის საიტი შევისწავლეთ. salemart.ge-ზე დაყენებული იყო უკუმთვლელი, რომლის გამოც მომხმარებელი ჩქარობს, უნდა უცებვე შეიძინოს ნივთი და აღმოაჩენს, რომ უკუმთვლელით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგაც, ფასდაკლება ისევ გრძელდება. აღნიშნული ქმედება მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ემსახურება და წარმოადგენს კანონდარღვევას.
ასევე ნივთებზე იყო 5-ბალიანი შეფასება და საიტის განახლებისას ეს შეფასებები იცვლებოდა“,- ამბობს ამაროვი.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, მოვაჭრეებს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას სავაჭრო პოლიტიკის კანონთან შესამაბისობაში მოსაყვანად, თუმცა, როგორც ამათ ამაროვმა აღნიშნა, salemart.ge-თან კომუნიკაცია უშედეგო აღმოჩნდა.
,,GCCA პირველ რიგში, მოვაჭრის პოზიციას იკვლევს, ამ შემთხვევაში უშედეგო აღმოჩნდა მოვაჭრესთან კომუნიკაცია, მიუხედავად იმისა, რომ მათ არაერთხელ გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილება და ჩვენს ვებგვერდზეც განთავსდა. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ დარღვევის დადასტურების შესახებ გადაწყვეტილება. პირველ რიგში განვსაზღვრეთ გონივრული ვადა, რომელშიც ხარვეზები უნდა აღმოფხვრილიყო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, 1-თვიანი ვადა განისაზღვრა, რომელიც ჯერ არ გასულა. თუ ხარვეზები კონკრეტულ ვადაში არ გამოსწორდება, სააგენტო აჯარიმებს მოვაჭრეებს და ჯარიმა ხშირ შემთხვევაში საკმაოდ სოლიდურია, წინა წლის ბრუნვის 2%-იც კი შესაძლებელია იყოს“- აღნიშნა GCCA-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ამათ ამაროვმა.