პროტესტში ბიზნესის ჩათრევას მოჰყვება ეკონომიკური კოლაფსი, მიყენებული ზარალის გამოსწორებას კი წლები დასჭირდება! - ასე ფიქრობს ეკონომისტების ნაწილი. მათი პროგნოზით, ბიზნესის გაფიცვა ეკონომიკას ჩამოშლის და სრულ კოლაფსს გამოიწვევს.
პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეების ნაწილის მოწოდებას, რომ ბიზნესი გაიფიცოს, ეკონომისტების ნაწილი კატეგორიულად ემიჯნება. ისინი აცხადებენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ეკონომიკისა და მოსახლეობის მდგომარეობაზე უმძიმეს გავლენას მოახდენს და ამ ზიანს მერე წლების განმავლობაში ვერაფერი გამოასწორებს.
ერთ-ერთი პირველი პოლიტიკური პარტიებიდან, ვინც ამის შესახებ ღიად განაცხადა, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძეა.
,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ იგრძნოს ბიზნესის ძალა. დღეს, მე დავინახე, რომ ქართული ბიზნესი დადგა ფეხზე, უმეტესი ნაწილი, კრიტიკული მასა შეიკრიბა ახლა მთავარია ერთად დგომა - ვერავინ მოერევა ნამდვილ ქართულ ბიზნესს და არა იმას, ვისაც ახლა „დალაგებული“ აქვს და ეშინია სიტყვის ამოღების.
ბიზნესს აქვს უამრავი ბერკეტი იმისა, რომ გაიფიცოს, გამაფრთხილებლად გაიფიცოს, ბოლო-ბოლო გადასახადებიც კი შეაჩეროს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ორგანიზებულად, არ შეიძლება ვინმე ერთი კომპანია ან ერთი კომპანიის თანამშრომლები შევატოვოთ სისტემას. ბიზნესი არის სწორედ ის ხალხი, ის სექტორი, რომლის გადასახადებითაც ამ პოლიციელებს ხელფასს ვუხდით და რომლებიც არ ინძრევიან, როცა დანაშაულს ხედავენ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ იგრძნოს ბიზნესის ძალა. ახლა მთავარია ერთად დგომა, ამ შეხვედრების გაგრძელდება და გარანტიას გაძლევთ, რომ ვერავინ მოგვერევა! არაფერი გაქვთ დასამალი! პატიოსნად და ღირსეულად მუშაობთ, იხდით გადასახადებს რა უნდა გაგიკეთოთ ან საგადასახადო ინსპექციამ ან ბიძინა ივანიშვილმა? მე ამდენი ხნის განმავლობაში არ მინახავს ბიზნესი და ბიზნესმენი შეზრდილი ხელისუფლებასთან, რომლის კომპანია გადარჩა - არ მინახავს", - ამბობს ხაზარაძე.
რამდენიმე დღის წინ კი ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ სოციალურ ქსელში საბანკო სფეროში დასაქმებულებს მიმართა და გაფიცვისკენ მოუწოდა.
"საბანკო სექტორში მომუშავე კოლეგებო, დღეს თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ამ ქვეყნის ბედი: გაიფიცეთ – ეს თქვენი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. გაიფიცეთ – ამით ეხმარებით აქცებზე უკანონოდ დაკავებულებს, ნაცემებს, გაგუდულებს. გაიფიცეთ – გადაარჩინეთ ქვეყანა იზოლაციისგან, რომელიც გააკოტრებს და ჩამოშლის საბანკო სისტემას", - აღნიშნა ქადაგიძემ.
ბიზნესის გაფიცვის მოთხოვნას ანალიტიკოსები კატეგორიულად ემიჯნებიან და საუბრობენ საფრთხეზე, რაც შეიძლება მსგავს გადაწყვეტილებას მოჰყვეს. ექსპერტ ამირან სალუქვაძის შეფასებით, ბიზნესის მხრიდან რადიკალურ ზომებს მოჰყვება ეკონომიკური კოლაფსი, ამიტომ აუცილებელია მისი პოლიტიკისგან გამიჯვნა.
,,გახარიას ერთი რამ წამოცდა, ტრამპის გაპრეზიდენტებამდე უნდა მოვასწროთ ყველაფერიო. ეს არის მათი მიზანი და არ ადარდებთ არც ეკონომიკა, არც ბიზნესის პრობლემა. დარბიან ქალაქ-ქალაქ, განსაკუთრებით ერჩიან იუსტიციის სახლებს და გაფიცვისკენ მოუწოდებენ. გიორგი ქადაგიძის განცხადება კი ყველაზე მავნებლურია, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში მოვისმინე. იგი სებ-ის პრეზიდენტი იყო და იცის, რამდენად მიუღებელია ქვეყანაში საბანკო სექტორის გაფიცვა, მაგრამ მაინც მოუწოდებს.
ცდილობენ დააზიანონ ეკონომიკა და მოსახლეობა. სწორედ ამ დროს წარმოიშვება ხოლმე პანიკური მოლოდიონი, რაც აწვება ლარის კურსს, ფასებს, ინვესტიციებს და ბიზნესგარემოს ქვეყანაში. წლებია, პერმანენტული რყევის პირობებში ვცხოვრობთ", - ამბობს ამირან სალუქვაძე.
მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე განაკუთრებით ეროვნული ვალუტა დაზარალდა, ამიტომ, თუკი ბიზნესი რადიკალურ ზომებს მიმართავს, ძლივს დასტაბილურებული ლარი ისევ მკვეთრად გაუფასურდება და მერე ყველა ჩარევა იქნება უშედეგო.
,,ყველამ ვნახეთ, როდესაც აქციები დაიწყო რუსთაველზე, მყისიერად იმოქმედა ლარის კურსზე და გაუფასურდა. მოგვიანებით, ცოტა რომ შემსუბუქდა მდგომარეობა, სტაბილურობის ნიშნებიც გაჩნდა. ეს რომ დიდი ხნით გაგრძელებულიყო, პირდაპირ აისახებოდა ფასებზე. მუშებს, მოსამსახურეებს და სხვა სექტორის წარმომადგენლებს, გაფიცვა თუ უნდათ და ამის საჭიროებას ხედავენ, თავისით ან პროფკავშირების მეშვეობით იფიცებიან. ასე ხდება, როცა გარკვეული პირობები არ აკმაყოფილებთ. ახლა პირდაპირ ბულინგი და ძალდატანება მიდის, რომ გაიფიცონ. მსგავსი პრეცენდენტი არ მახსენდება, რომელიმე ქვეყანაში მომხდარიყოს. რა შუაშია პოლიტიკური აქციები და გაფიცვა? პირდაპირ სოციალური საბოტაჟია სახელმწიფოს და მოსახლეობის წინააღმდეგ. ხედავენ, რომ პოლიტიკურ აქციებს საფუძველი არ აქვს და ქვეყნის ეკონომიკურად დაზარალებაზე გადავიდნენ", - განაცხადა სალუქვაძემ.
ანალიტიკოსები იმედოვნებენ, რომ პოლიტიკური დაძაბულობა დიდხანს არ გასტანს და პროცესი დასტაბილურდება, თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, ბიზნესის გაფიცვას ეწინააღმდეგება ფინანსისტი პაატა ბაირახტარი, რომლის შეფასებითაც, მხარეებმა ყველა ღონე უნდა გამოიყენონ დიალოგისთვის, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო არ გართულდეს, რაც ნებისმიერ შმთხვევაში, ეკონომიკისთვის საზიანოა.
,,მიმდინარე პროცესების გამო ეკონომიკა ისედაც ზარალდება. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ბიზნესი მოწოდებებს აჰყვეს და გაიფიცოს. ეს ეკონომიკისთვის კოლაფსის ტოლფასია, წარმოუდგენელ დარტყმას მიიღებს ქვეყანა. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ ბიზნესი არის ეს ძალა, რომელიც ეკონომიკას ამოძრავებს და რაზეც დაშენებულია ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა. აქედან გამომდინარე, ბიზნესის გაფიცვას კარგი შედეგი არ მოყვება.
რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს ეს პროცესები, მოქალაქეებს შორის არაჯანსაღი კომუნიკაციაა და ამ გაწყვეტილი კავშირის აღდგენა ხელისუფლებამ უნდა სცადოს, აქედან უნდა დაიწყოს. რაც არ უნდა იყოს, შეუძლებელია ბიზნესი სრულად გაიმიჯნოს პოლიტიკისგან. ხელისუფლების ყველა ნაბიჯი პირდაპირ თუ ირიბად მასზე აისახება. რაც მალე შეჩერდება ეს პროცესები, ყველასთვის ძალიან კარგი იქნება", - აღნიშნა ბაირახტარმა.
თუმცა ბიზნესის ნაწილი განსხვავებულად ფიქრობს. კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრმა, ბიზნესმენმა ივა ჭყონიამ პალიტრანიუსის“ ეთერში სექტორს გაფიცვისკენ ღიად მოუწოდა.
„სამარცხვინოა როცა საქართველოში საერთაშორისო ბრენდებს წარმოადგენ და ამ დროს პრორუსულ ხელისუფლებას „აპრავებ“. რა თქმა უნდა არიან ძალიან მაგარი ბიზნესმენები, რომლებიც წარმოადგენენ სხადასხვა დარგობრივ გაერთიანებებს, ნაწილმა განცხადებაც გაავრცელა, აქციაზეც დგანან და აპროტესტებენ. მათ ძალიან კარგად ახსოვთ წინა ხელისულების დროს სიჩუმეს რა მოჰყვა.
როგორ შეიძლება ამდენი ხნის განმავლობაში თვალები დაიბრმავოთ და არ ილაპარაკოთ ხმამაღლა იმაზე რაც ხდება?! ეს არის დანაშაული, რომელსაც ისტორია არ გაპატიებთ,“ - განაცხადა ჭყონიამ.
წყარო: რეზონანსი