საქართველოდან EU-ში ექსპორტი მცირდება, ხოლო რუსეთსა და დსთ-ს სხვა წევრ ქვეყნებში ისტორიულ მაქსიმუმს უახლოვდება. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 9 თვეში საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტმა 390.3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 31%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ამასთან, იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორების ჩამონათვალში ევროკავშირის წევრი არც ერთი სახელმწიფო შედის. ამჟამად საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო სამეულს კი ყირგიზეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი წარმოადგენს. მიმდინარე წლის 9 თვეში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ჯამურმა წილმა ექსპორტში 8.2% შეადგინა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს რომ შევადაროთ, 2013-2020 წლებში ევროკავშირზე საქართველოს ექსპორტის 20%-ზე მეტი მოდიოდა.
ექსპორტის განვითარების ასოციაციის გამგეობის წევრის, გვანცა მელაძის შეფასებით, ექსპორტის კლება იმდენად საგანგაშო ნიშნულზეა, რომ მისი დაბალანსება ,,დიაგონალური კუმულაცია“ პირობებშიც კი შეუძლებელია.
„ევროკავშირის წილი ჩვენ საექსპორტო მაჩვენებელში დიდი ხანია მცირდება, რაც საყურადღებოა. დარგობრივად რომ შევაფასოთ, ჩვენი ექსპორტი ევროკავშირთან ძირითადად დამოკიდებული იყო თხილზე, ლითონებსა და ტანისამოსზე. „დიაგონალური კუმულაციის“ ძალაში შესვლის შემდეგ ველოდებოდით, რომ ზრდა უფრო საგრძნობი იქნებოდა, გარკვეულ დარგებში მაინც, მაგრამ ამ დამხმარე მექანიზმმაც კი ვერ გადაწონა ის კლება, რაც ექსპორტის მიმართულებით გვაქვს. ამის მიზეზი ერთი მხრივ ისაა, რომ ქართული პროდუქტი მიმდინარე მოვლენების ფონზე კონკურენტუნარიანობას კარგავს და პირიქით, ევროკავშირის ბაზარი თავად ვეღარ უწევს კონკურენციას დსთ-ს ქვეყნებთან და რუსეთთან საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებს. დსთ-ს ქვეყნები და რუსეთი საქართველოსთვის საკმაოდ კომფორტული სავაჭრო ბაზარია, განსაკუთრებით ალკოჰოლური სასმელების მიმართულებით. ასევე არის მესამე ფაქტორიც, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პოლიტიკური არასტაბილურობა ქართველ და ევროპელ ბიზნესმენებს შორის ინტერაქციას ამცირებს, ანუ ინვესტიციების მოზიდვა უკვე მარტივი აღარ არის“,- აღნიშნა მელაძემ.
ექსპორტის განვითარების ასოციაციის გამგეობის წევრი გვიყვება, რომ დასავლელი პარტნიორებს სანქციების შიში აქვთ, ამიტომაც ინვესტიციების განხორციელებისგან თავს იკავებენ.
„10 წელზე მეტია, რაც ევროპულ კომპანიასთან ვთანამშრომლობთ, რომელიც საექსპორტო გარიგებების მიღწევაში გვეხმარება. მათგან გვაქვს ცნობები, რომ ევროპელი პარტნიორები ქართველ ექსპორტიორებთან მოლაპარაკებებისთვის უკვე თავს იკავებენ. როცა ვცდილობთ პოტენციურ ინვესტორთან შეხვედრა ჩავნიშნოთ და იგებენ, რომ პროდუქტი საქართველოშია წარმოებული, ძალიან ბევრი კითხვა უჩნდებათ, ძირითადად სანქციებთან დაკავშირებით. „ბორჯომის“ პრეცედენტმა საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და რეპუტაციაზე ძალიან ცუდი გავლენა იქონია. ევროპაში არავინ არ ელოდა, რომ ყველაზე ცნობილი ქართული ბრენდის მფლობელი დასანქცირებული რუსი აღმოჩნდებოდა. სახელმწიფომ ნაბიჯები კი გადადგა, მაგრამ ეს პრეცედენტი რადგანაც შეიქმნა, ახლა ასეთი წარმოდგენა აქვთ, რომ საქართველოში ყველა მსხვილი ბიზნესი შეიძლება რომელიმე ასეთი საეჭვო პირის მფლობელობაში იყოს“,- აღნიშნა გვანცა მელაძემ.
,,კომერსანტი" შეგახსენებთ, რომ დიაგონალური კუმულაციის(Diagonal Cumulation) თანახმად, თურქული ნედლეულის გამოყენებით საქართველოში წარმოებული პროდუქტების ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე (სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოკლებით), თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით არის შესაძლებელი.