ჩვენ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ქვეყანაში ავტომობილების ევრო 5-ის სტანდარტი შემოვიღოთ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით,  ეს პრაქტიკაში ნიშნავს, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება.

ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა დარბაისელი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ზოგადად ავტომობილების წლოვანების მიხედვით შეზღუდვა არა რელევანტურია, რადგან თუ ვიტყვით, რომ 2013 წლამდე ავტომობილი ყველა შეუსაბამო სტანდარტია გარემოს დაბინძურებასთან მიმართებით, ეს სწორი შეზღუდვა არ იქნება.

„გაჟღერდა ინფორმაცია, რომ 2013 წლამდე ავტომობილების აკრძალვა იგეგმება. ჩემთვის გასაკვირია ის ფაქტი, რომ კონკრეტული წლოვანების ავტომობილები უნდა შევზღუდოთ. თან ამბობენ, რომ ევროპული სტანდარტებია, რომელ ევროპულ ქვეყანაში არის ავტომობილების რომელიმე წლოვანების მიხედვით შეზღუდვა? ეს არანაირ შედეგს არ მოგვცემს, დავაზიანებთ ამ სექტორს.

საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა უმეტეს ნაწილს არ აქვს იმის საშუალება და ფუფუნება, შეიძინოს და განაბაჟოს 2013 წლის ზემოთ წარმოებული ავტომობილი, იძულებულნი იქნებიან შეიძინონ საქართველოში უკვე არსებული და მოძველებული ავტომობილები, რაც გამოიწვევს ავტოპარკის უფრო მეტად დაძველებას და მწყობრიდან გამოსვლას. ასევე ბიზნესს, ადამიანებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან ამ და მომიჯნავე სექტორებში, ასევე დაზარალდებიან. გარდა ამისა, საქართველოს ბიუჯეტს დააკლდება აქციზიდან მიღებული თანხები, მაგალითად 2022 წელს 903.8 მლნ აშშ დოლარის ავტომობილები გაიყიდა.  

ავტომობილების 90%, რომელიც  საქართველოში  გადაადგილდება ათ წელზე ზემოთ ხანდაზმულობისაა. ერთის მხრივ ეს ეკონომიკურად ურტყამს მოსახლეობის ჯიბეს და მეორეს მხრივ მიდგომა არასწორია. მართლა გაუსაძლისია დიდ ქალაქებში ცხოვრება გამონაბოლქვის გამო, თუმცა ამ პრობლემის მოგვარება ასე არ ხდება, რადგან ჯერ კიდევ აკრძალული არ არის კატალიზატორის ჩაბარება. ტექდათვალერების დროს დიდ ყურადღებას არ აქცევენ ავტომობილს აქვს თუ არა კატალიზატორი და თუ არ აქვს მას ნელ-ნელა გამონაბოლქვი ემატება, სწორედ აქედან გამომდინარეობს ეს პრობლემა.

რეალურად შეიძლება 2013 წლამდე გამოშვებულს უფრო ნაკლები გამონაბოლქვი ჰქონდეს, ვიდრე შედარებით ახალს, ეს არის დამოკიდებული ავტომობილის მდგომარეობაზე. გამონაბოლქვის მიზეზი ავტომობილზე კატალიზატორის არქონა უფროა, ვიდრე მისი გამოშვების თარიღი“,  აღნიშნავს ლაშა დარბაისელი.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 73 000-ით გაიზარდა. ზრდის უდიდესი წილი, დაახლოებით 67 000 ერთეული, მსუბუქ ავტომობილებზე მოდის. გასული წლის მონაცემებით, საქართველოში სულ 1 563 165 ავტომობილია რეგისტრირებული. რეგისტრირებული ავტომობილების უმეტესობის, 1 296 354-ის ასაკი 10 წელს აღემატება.