კომპანია “ალტაში”  (Alta) ძვირადღირებული ტექნიკის შეძენისას განვადებაზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია.

კომპანია „ალტას“ (ALTA) აღმასრულებელი დირექტორი (CEO) ნოკა ბაინდურაშვილი “ბიზნესპარტნირთან” აღნიშნავს, რომ “შავი პარასკევის” შეთავაზებების პერიოდში, მომხმარებლების მხრიდან ყველაზე დიდ ინტერესს სმარტფონების, ტელევიზორების, ლეპტოპებისა და მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მიმართ ელოდებიან.

“ალტაში” სპეციალური შეთავაზებები გვაქვს როგორც ონლაინ, ისე მაღაზიებში. ფასდაკლება მოდელისა და კატეგორიის მიხედვით განსხვავდება. ყველაზე დიდ ინტერესს ველოდებით სმარტფონების, ტელევიზორების, ლეპტოპებისა და მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მიმართ. მომხმარებელი ხშირად წინასწარ არჩევს კონკრეტულ მოდელს და შეძენას კამპანიის დაწყებამდე აყოვნებს.

„შავი პარასკევი“ წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პერიოდია. გაყიდვების ნაწილი იმ შესყიდვებზე მოდის, რომლებიც მომხმარებელს წლის ბოლომდე ისედაც ჰქონდა დაგეგმილი და ხელსაყრელი ფასის გამო ნოემბერში ახორციელებს. განვადებაზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია ძვირადღირებული ტექნიკის შეძენისას. კამპანიის დასრულების შემდეგ შევაფასებთ, წლიური გაყიდვების რა წილი მოდის ამ პერიოდზე და რამდენი პროცენტული პუნქტით შეიცვალა განვადების წილი ჩვეულებრივ კვირებთან შედარებით",-განაცხადა ნოკა ბაინდურაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა,  გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს კომპანია "ალტა" გაყიდვების ზრდას ელოდება.

"შედეგზე დიდ გავლენას მოახდენს ყველაზე მოთხოვნადი მოდელების მარაგი, შეთავაზებების კონკურენტუნარიანობა და ის, რამდენად ეფექტიანად მოვემსახურებით მომხმარებელს პიკურ დღეებში. წლიურ ზრდას კამპანიის დასრულების შემდეგ, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შევაფასებთ”,-განაცხადა ნოკა ბაინდურაშვილმა.

მისი თქმით, მომხმარებლები არჩევას აკეთებენ როგორც ძვირადღირებულ, ასევე ბიუჯეტურ პროდუქტებზე და ორივე სეგმენტში განსხვავებული მოტივაცია ჩანს.

“ბიუჯეტურ სეგმენტში მომხმარებელი ხშირად ეძებს მისთვის საჭირო ფუნქციებს საუკეთესო ფასად. საშუალო და პრემიუმ სეგმენტებში ფასდაკლება ზოგიერთ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, დაგეგმილი ბიუჯეტით უკეთესი მოდელი შეიძინოს.  ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა ტელევიზორებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შემთხვევაში, როცა არჩევანს ეკრანის ზომა, ენერგოეფექტიანობა ან დამატებითი ფუნქციები განსაზღვრავს”,-განაცხადა ნოკა ბაინდურაშვილმა.

„ალტას“ (ALTA) აღმასრულებელი დირექტორი ასევე აღნიშნავს, რომ “შავი პარასკევის“ პერიოდში  კომპანია ონლაინ შეკვეთების ზრდას ელოდება.

“პიკურ დღეებში ლოჯისტიკისთვის მთავარი ამოცანაა, შეკვეთების გაზრდილი მოცულობის პირობებშიც დავიცვათ მომხმარებლისთვის მითითებული მიწოდების ვადა. ამისთვის წინასწარ ვგეგმავთ მარაგების განაწილებას, შეკვეთების დამუშავებასა და მიწოდებას. მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა შეკვეთის გაფორმებამდე იცოდეს, როდის მიიღებს ნივთს, განსაკუთრებით მაშინ, როცა რეგიონში მსხვილი ტექნიკის მიწოდებაზეა საუბარი. კამპანიის მოსამზადებლად ძირითადი ხარჯები უკავშირდება მარკეტინგს, ტექნოლოგიური სისტემების დატვირთვისთვის მომზადებას, დამატებით საოპერაციო რესურსსა და ლოჯისტიკას. ცალკე ვგეგმავთ მარაგებისთვის საჭირო ფინანსურ რესურსს”,-განაცხადა  ნოკა ბაინდურაშვილმა.

გარდა ამისა, მან 2027 წლის გეგმებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „ალტა“ სამომავლოდ ქსელის გაფართოებასა და ონლაინ მიმართულებით ასორტიმენტის გაფართოებას  გეგმავს.

“2027 წლის საინვესტიციო პრიორიტეტებია ონლაინ არხის განვითარება, მაღაზიების განახლება და მომსახურების გაუმჯობესება. ონლაინ მიმართულებით ვგეგმავთ ასორტიმენტის გაფართოებას, მათ შორის ისეთი კატეგორიების დამატებას, რომლებიც მხოლოდ ონლაინ იქნება ხელმისაწვდომი. ქსელის გაფართოებასაც განვიხილავთ და თითოეულ ლოკაციას მომხმარებლის მოთხოვნის, მომსახურების დაფარვისა და ეკონომიკური ეფექტიანობის მიხედვით შევაფასებთ. ინვესტიციის მოცულობასა და კონკრეტულ ლოკაციებზე დეტალებს გაგიზიარებთ, როცა გეგმები საბოლოოდ დამტკიცდება”,-განაცხადა ნოკა ბაინდურაშვილმა.

„ალტა“ (Alta) საქართველოში ციფრული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი მაღაზიათა ქსელია, რომელიც 1997 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანია 100-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდის (Apple, Samsung, Sony, LG, Electrolux, ASUS, Lenovo და სხვ.) ოფიციალური პარტნიორია. 

წყარო: bp.ge