რამდენიმე თვის წინ სასტუმროების ქსელმა Astoria- მ თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო Pine Astoria გახსნა, რომელიც მომხმარებელს განსხვავებულ მომსახურებას და გარემოს სთავაზობს. სასტუმროების ქსელი Astoria მრავალი წელია რაც თბილისში ოპერირებს, იმავე ქუჩაზე არის სასტუმრო „ასტორია თბილისიც“

რაც შეეხება სასტუმრო pine asotia-ს, მისი შენობა მრავალი წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა, როგორც თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი. სასტუმროს დამფუძნებლებმა კი გადაწყვიტეს, რომ შენობისთვის ახალი სიცოცხლე მიეცათ და სასტუმროების ქსელი გაეფართოებინათ.

შენობის ისტორიიდან გამომდინარე სასტუმრო სამხატვრო სასწავლებლის ხასიათს ინარჩუნებს, ინტერიერში გამოფენილია სხვადასხვა მხატვრის ნამუშევრები, რომელთა დათვალიერება  და შეძენაც შესაძლებელია. სასტუმრო Pine astoria-ში განთავსებულია დახურული საცურაო აუზი, კაფე-ბარები, რესტორანი, სასტუმროს აქვს gym მიმართულება, საპარკინგე სივრცე დიდი ავტობუსებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დიდი ჯგუფების მასპინძლობისთვის, სასტუმროს ასევე აქვს 6 საკონფერენციო დარბაზი, რომელიც სასტუმროს საქმიანი ტურიზმის, ე.წ. MICE ( Meetings, Incentives, Conferences, Exhibitions) tourism) - ის მიმართულებით კონკურენტუნარიანს ხდის.

სასტუმროების ქსელ astoria-ს ისტორიაზე, Pine Astoria- ს შექმნაზე და სამომავლო  გეგმებზე, „კომერსანტთან“ „ასტორია ჯგუფის“ გაყიდვებისა და მარკეტინგის  ხელმძღვანელმა ირაკლი ჭიღლაძემ ისაუბრა.

მისი თქმით სასტუმროების ქსელმა „ასტორიამ“ პირველად 2012 წელს ჩიტაძის ქუჩაზე 48-ნომრიანი სასტუმრო გახსნა, რამაც ძალიან კარგად იმუშავა, სტუმარმასპინძლობის სექტორის განვითარებასთან ერთად „ასტორია ჯგუფმა“  ბიზნესის გაფართოებაზეც იზრუნა და 98 ნომრიანი სასტუმრო დაამატა, რომელიც 4 ვარსკვლავით პოზიციონირებდა ბაზარზე.

2015 წელს კიდევ დავიწყეთ  ფიქრი, რომ კიდევ  დაგვემატებინა  სასტუმრო და მის გვერდით ავაშენეთ  98-ნომრიანი სასტუმრო, რომელიც 4 ვარსკვლავით პოზიციონირებდა, როდესაც ტურიზმის სექტორი კვლავ გაძლიერდა გადავწყვიტეთ შეგვეძინა თოიძის სამხატვრო სასწავლებლის შენობა და პოზიციონირება 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Pine Astoria - თი დაგვეწყო.

2023 წლის აპრილში  გავიხსენით და  დღემდე  სატესტო  რეჟიმში ვმუშაობთ, სავარაუდოდ Grand Opening ცერემონია  სექტემბერში  ან  ოქტომბერში  გვექნება, გააჩნია როგორ წავა სეზონი,  დღეს ჯამში 266 ნომრით ვპოზიციონირებთ“ - აღნიშნა ირაკლი  ჭიღლაძემ.

რაც  შეეხება  დაინტერესებას ირაკლი  ჭიღლაძე აღნიშნავს, რომ ასტორია ჯგუფის სტუმრების 98% ძირითადად  საერთაშორისო მოგზაურები არიან, სასტუმროს ძირითადად სტუმრობენ გალფის  ქვეყნებიდან,  ყაზახეთიდან და  უზბეკეთიდან, მისივე თქმით გასულ წელს გააქტიურდა ტაილანდის, იაპონიის და მალაიზიის მიმართულებაც.

„ევროპელი სტუმრები დიდი აქტივობით არ გამოირჩევიან, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ მომავალი წლიდან ჯავშნები მოიმატებს, ჩვენი  141 ნომრიანი სასტუმროს შემთხვევაში, გასული წელი 60%-იანი  დატვირთულობით დავასრულეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ თბილისში არსებობდა რესურსი იმისა, რომ კიდევ ერთი სასტუმრო დაგვემატებინა და დავამატეთ 5 ვარსკვლავიანი Pine Astoria.

ამ ეტაპზე  ერთ-ერთი  ყველაზე დიდი სასტუმრო ვართ,  266  ნომრიანი სასტუმრო თბილისში ფაქტობრივად არ  არის, რაც ნიშნავს იმას, რომ თავისუფლად შეგვიძლია ვუმასპინძლოთ  დიდ  ჯგუფებს, გარდა ამისა გვაქვს 6 საკონფერენციო დარბაზი, რაც MICE- ს მიმართულებით საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებთან კონკურენციის  გაწევის შესაძლებლობას გვაძლევს. გარდა ამისა გვაქვს იდეალური ლოკაცია, თან წყნარი გარემოა, თან შეგიძლია,  რომ ფეხით ჩაისეირნო და 5 წუთში ცენტრში - თავისუფლების მოედანზე იყო. გარდა ამისა ჩვენი სივრცე მოიცავს აუზებს, სპა და ჯიმ მიმართულებას, ადამიანებს  შეუძლიათ რომ სხვადასხვა ლოკაციაზე ისარგებლონ ამ სერვისებით, ასევე  ტურისტული კომპანიებისთვის გვაქვს ავტობუსების სადგომიც, რაც ჩვენთვის  ძალიან დიდი ფუფუნება და პლუსია, ხოლო დიდი ტურისტული კომპანიებისთვის დიდი კომფორტი.“  - აღნიშნა ირაკლი ჭიღლაძემ.

სასტუმრო Pine Astoria 80-მდე  ადამიანს ასაქმებს, ხოლო მთლიანად ქსელში ჯამში 200 ადამიანია დასაქმებული.

ირაკლი ჭიღლაძემ „კომერსანტთან“ კადრების  დეფიციტზეც ისაუბრა და განმარტა, რომ კომპანიას კადრების  უდიდესი დეფიციტი აქვს, რასაც ემატება რეგულაცია, რომელიც 48 საათიანი სამუშაო რეჟიმიდან 40 საათიან სამუშაო რეჟიმზე გადასვლას გულისხმობს.

„ამ რეგულაციამ უკვე არსებული პრობლემა უფრო გაამწვავა, გასულ წელს, როდესაც  უკრაინაში ომი დაიწყო და ქვეყანაში ბევრი უკრაინელი მიგრანტი შემოვიდა, ვცადეთ  ჩვენ სასტუმროებში დაგვესაქმებინა, თუმცა ენის ბარიერის გამო ბევრისთვის მოუხერხებელი აღმოჩნდა ჩვენ მიერ შეთავაზებული საქმე, მაგრამ რამდენიმე კადრი დიასახლისების მიმართულებით მაინც დავიტოვეთ.

განსაკუთრებულად გვიჭირს  ე.წ. საშუალო რგოლის მენეჯერები და მიმღებ დეპარტამენტში, ასევე  დეფიციტია სამზარეულოში და  დიასახლისების მიმართულებითაც, პანდემიის  დროს  ძალიან  განვითარდა დელივერი სერვისი და ამ სფერომ თანამშრომლები წაგვართვა, გარდა ამისა, ძალიან დიდი  გადინება გვაქვს გერმანიის  და პოლონეთის მიმართულებითაც, ამ  ყველაფერმა ეს პრობლემა გამოიწვია.“ - აღნიშნა ირაკლი ჭიღლაძემ.

რაც შეეხება ინვესტიციას, ირაკლი ჭიღლაძის  თქმით, სასტუმრო Pine astorias ინვესტიცია 18 მილიონ ლარს შეადგენდა,  48 ნომრიანის 4 მილიონს, 98 ნომრიანის კი 11,5 მილიონ ლარს.  მისი განცხადებით, სასტუმროების ქსელი „ასტორია“განვითარებას კვლავ განაგრძობს და დამსვენებელს ბევრ სიახლეს შესთავაზებს.

„ჩვენ მენჯმენტ კომპანია ვართ, დღეის მონაცემებით ხუთ რეგიონში რვა  სასტუმროს  ვმართავთ და  ვფიქრობთ რომ 2024 წლიდან ქვეყნის მასშტაბით 3-4 სასტუმრო დავამატოთ. ამ ეტაპზე ძალიან აქტიურია ქუთაისის რეგიონი, იმიტომ რომ არ არის ქალაქში იმდენი სასტუმრო, რაც მოთხოვნაა, ასევე თბილისს  აქვს  სასტუმროს დამატების რესურსი, ვითარდება კახეთიც და ვფიქრობ, კიდევ განვითარდება, სამომავლოდ, ვფიქრობთ, რომ სვანეთში და რაჭაში დავამატებთ სასტუმროებს, სვანეთში  სავარაუდოდ 70-80 ნომრიანს, რაჭაში კი ბუტიკური ტიპის სასტუმროს  დამატებას ვვარაუდობთ,“ - აღნიშნა ირაკლი ჭიღლაძემ.