„ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა მერიას უკავშირდება და საპარკინგე ადგილების სიმცირეს ეხება. იყო საუბარი, რომ დისტრიბუციის მანქანებისთვის ქალაქში 500 საპარკინგე ადგილი გამოიყოფოდა, რაც არ მოხდა. ასევე მნიშვნელოვანია დიდი გაბარიტების ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა. გაუგებარია, რატომ არის ნავთობის და სამშენებლო სექტორი უფრო პრიორიტეტული ამ კუთხით, ვიდრე სასურსათო მომარაგება“, - ამის შესახებ დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ რადიო „კომერსანტთან“ განაცხადა. 

მისი თქმით, თბილისის მერიამ უნდა გადახედოს ამ შეზღუდვას და მნიშვნელოვანია, რომ მასში შეიტანოს ცვლილება, რომელიც დისტრიბუციის მანქანებს შეეხება, რადგან გადაადგილების შეზღუდვამ შესაძლოა სადისტრიბუციო კომპანიებს ისეთი პრობლემები შეუქმნას, რომელიც შემდეგ პროდუქციის ფასებზე აისახება.

„სასურსათო მომარაგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს ეხება პირველადი მოხმარების პროდუქციას, რძის პროდუქტებს, პურპქროდუქტებს, ხილსა და ბოსტნეულს, რომელიც ფრეშია და აუცილებლად დილით უნდა მივიდეს მაღაზიებში. გადაადგილებას თუ აკრძალავენ ვთქვათ, 08:00 საათიდან 11:00 საათამდე, ეს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის სადისტრიბუციო კომპანიებს.

თუ აიკრძალება დიდი გაბარიტების მანქანების მოძრაობა, სადისტრიბუციო კომპანია იძულებული იქნება მის ნაცვლად შეიძინოს სამი უფრო მცირე ზომის მანქანა და ეს უფრო დიდ ტრაფიკს შექმნის. გარდა ამისა, სამი მანქანის მომსახურება უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე ერთის, რაც ნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში, მოსახლეობას გაუძვირდება პროდუქტი.ამიტომ, დარწმუნებული ვარ, კეთილგონიერება ეყოფა მერიას და სხვანაირ გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - განაცხადა ივა ჭყონიამ. 

როგორც მან განმარტა, დისტრიბუტორთა ასოციაციას მერიიდან საბოლოო პასუხი ჯერჯერობით არ აქვს და კომპანიები გაურკვევლობაში იმყოფებიან.