„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელის დავით მესხიშვილის განცხადებით, თბილისში დიდი გაბარიტების მქონდე ავტომობილების პიკის საათებში მოძრაობის შეზღუდვა ერთის მხრივ, ბიზნესის დიდ პრობლემებს არ შეუქმნის, მეორე მხრივ კი ქალაქის გარკვეულ მონაკვეთებში გადაადგილების პრობლემის მოგვარებას ნამდვილად შეუწყობს ხელს.
როგორც მან რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას აღნიშნა, ბიზნესს უბრალოდ მუშაობის სხვა რეჟიმზე გადასვლა მოუწევს.
„განმარტებისთვის მინდა ვთქვა, რომ საუბარია სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთაც წონაც 5ტ-ზე მეტია, მაგალითად ცემენტმზიდი. შესაძლოა ქალაქში გადაადგილების მხრივ ამ შეზღუდვამ რადიკალური ცვლილებები ვერ მოახდინოს, მაგრამ ცენტრალურ უბნებში, სადაც ვიწრო ქუჩებია, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა დადებითი ეფექტი ჰქონდეს.
ეს შეიძლება გარკვეული დისკომფორტი იყოს იმ ბიზნესისთვის, რომლის მიერ სავაჭრო ქსელების მომარაგება დროის განსაზღვრულ მონაკვეთებში ხდებოდა. მათ საათობრივი გადაწყობა მოუწევთ. დისტრიბუცია აქამდეც უკვე ცდილობდა მორიდებოდა პიკის საათებში მოძრაობას, რადგან პროდუქტის დროულად მიტანას ვერ ახერხებდნენ. აქ მე არ გამოვიყენებდი ტერმინს აკრძალვას, არამედ შეზღუდვას. ეს ცვლილება ნიშნავს, რომ ბიზნესი უბრალოდ უნდა გადაეწყოს დროის სხვა რეჟიმზე. ამავდროულად, მნიშვნელოვანი იქნება აღსრულების საკითხიც“, - განაცხადა დავით მესხიშვილმა.