ქართული ყველის ისტორიის მკვლევარი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე „ქართული ყველის“ პროექტის პირველი ეტაპის, დავიწყებული და დაკარგული ქართული ყველის სახეობების გაცოცხლების და ბაზარზე დაბრუნების შემდეგ, პროექტის მეორე ეტაპს - „ქარხანა ბორბლებზე“ იწყებს, რომელიც რძის და რძის პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.  - ამის  შესახებ ანა მიქაძე - ჩიკვაიძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში, ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში, „ბრენდი საქართველო“ დააანონსა. მისი  თქმით პროექტის დაწყების მიზეზი ადგილობრივ ბაზარზე რძის და რძის პროდუქტების დაბალი ხარისხია.

„ეს არის ქარხანა  ბორბლებზე, რომელსაც  ვალდებულება აქვს აღებული და ეს ვალდებულება ავიღე მე  ჩემ თავზე რომ ყველის მწარმოებელს ლაბორატორიისკენ მიმავალი გზა ვასწავლო, რადგან თუ რძე არ არის ჯანმრთელი, იქ კარგი ყველის მიღება გამორიცხულია.

ჩემი „ქარხანა ბორბლებზე“ არ იქნება ვინმეს მაკონტროლებელი, ის უბრალოდ მისცემს რჩევებს მათ, ვინც აწარმოებს ყველს. ახლა ჩვენ გაჭედილები ვართ, დავიწყებული გვაქვს ის  ტრადიცია, რომელიც  გვქონდა, მაგრამ ახალსაც არ ვითვისებთ“ - აღნიშნა ანა მიქაძემ.

მიქაძის თქმით საქართველოს არა მხოლოდ  ღვინის სამშობლო, არამედ ყველის სამშობლოცაა, მისივე თქმით ამ ეტაპისთვის საქართველოში 60 სახეობის ყველია დათვლილი.

„ჩვენ ვზივართ რძის გალაქტიკაზე, ჩვენ მსოფლიოსთვის ვართ ზეზვაც, მზიაც, ღვინის სამშობლოც და რძის გალაქტიკაც. მე მაქვს დამუშავებული ყველის 60 რეცეპტი, 14 დავარეგისტრირეთ მაშინვე, როგორც ქართული წარმოების ყველი.

იმისათვის, რომ საქართველოში ყველის სექტორი წინ წავიდეს, მომხმარებელი, სახელმწიფო და ფერმერი - ეს სამკუთხედი ერთმანეთის მაკონტროლებელი იყოს.  ყველის წარმოებაში მთავარი როლი აქვს მომხმარებელს,  ზუსტად მომხმარებელმა არ უნდა დახუჭოს  თვალი, როდესაც  ფალსიფიკაციის შემთხვევას დაინახავს და არ უნდა მისცეს არავის იმის უფლება, რომ ქართული ყველი წაბილწოს“ - აღნიშნა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ.