ყველის მწარმოებელი კომპანია "ჩიზუკას" პროდუქციაზე მოთხოვნა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით, 70%-ით გაიზარდა. ამის შესახებ კომპანია "ჩიზუკას" დამფუძნებელმა, ვიკა იობიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი მწვანე - ტარხუნის და კამის, ფორთოხლისა და კოწახურის ყველებია.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა აღნიშნა, დაახლოებით, 1 თვეა, რაც ბაზარზე "ჩიზუკას" სტაფილოსფერი, პომიდვრისა და გარგარის ყველი გამოჩნდა, რომელიც სხვა ყველების მსგავსად, მომხმარებელში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია.

"ჩვენი პროდუქცია ქუთაისში მაღაზია "სხვენში", თბილისში "ფრესკოში", მაღაზია "სუფრაში", ყველის სახლსა და ონლაინ იყიდება. ამჟამად ონლაინ გაყიდვები საერთო მოცულობის დაახლოებით, 60%-ს შეადგენს. ამჟამად, 21-მდე სახეობა გვაქვს.  ჩვენი მომხმარებლები არიან როგორც უცხოელები, ისე ქართველები, თუმცა ქართველ მომხმარებლებს ჯერჯერობით უჭირთ ახალთან შეგუება და ტურისტებისთვის, ეს არ არის უცხო გემოები", - აცხადებს ვიკა იობიძე.

მისივე ცნობით, კომპანია ახალი პროდუქტების დამატებასა და ასორტიმენტის გაზრდაზე მუშაობას, სავარაუდოდ, გაზაფხულიდან დაიწყებს.

გარდა ამისა, კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, "ჩიზუკა" დაინტერესებულია HoReCa სექტორთან თანამშრომლობითაც, ამ მიმართულებით მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და სავარაუდოდ, საახალწლოდ შეთანხმება მიღწეული იქნება.

ცნობისთვის, საოჯახო ბიზნესმა ყველის წარმოება 1996 წელს წალკის რაიონის, სოფელ სანთაში დაიწყო.  ქართულ ბაზარზე ახალგაზრდა მეწარმის პროდუქცია "ჩიზუკას" სახელით 1 წლის წინ გამოჩნდა. კომპანიას საკუთარი ფერმა აქვს და ასევე, რძეს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს. 

ბიზნესპარტნიორი