“ბიზნესისთვის მორალი, რომ აუცილებლად ქართველი დაასაქმოს და არა უცხოელი, არ არის მატერიალური”, - ამის შესახებ მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მიხეილ ჭელიძემ “პალიტრანიუსისა” და რადიო “პალიტრას” გადაცემაში “საქმე” განაცხადა.

მისი თქმით, თუ უფრო იაფ მუშა ხელს ნახავს, ბიზნესი დაასაქმებს უცხოელს.

ამასთან, მიხეილ ჭელიძემ აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეები ძირითადად მომსახურების სექტორის ლოჯისტიკურ ნაწილში საქმდებიან.

“ბიზნესისთვის მორალი, რომ აუცილებლად ქართველი დაასაქმოს და არა უცხოელი, არ არის მატერიალური. ბიზნესისთვის მთავარია, რომ პროდუქტი შექმნას მაქსიმალურად იაფად, რომ მეტი მოგება ნახოს. ეს არის ფორმულა, რომელიც მთელ მსოფლიოში არსებობს. შესაბამისად, თუ უფრო იაფ მუშახელს ნახავს, დაასაქმებს უცხოელს. ჩვენები რატომ მიდიან? იმიტომ, რომ ისინი უცხოური ბაზრებისთვის არიან იაფი მუშახელი და მაგიტომ არის მოთხოვნა. თორემ, იქაური რომ დაასაქმონ, გაცილებით მეტი ხელფასი უნდა გადაუხადონ. ამ პროცესში რაც არ უნდა ჩავერიოთ, ვერ შევაჩერებთ.

[უცხოელი კადრები] უფრო არიან მომსახურების სექტორის ლოჯისტიკურ (“გლოვო”, “ვოლტი”) ნაწილში, ასევე ტაქსით მომსახურების სფეროში. იმიტომ, რომ ეს იმდენად მარტივია, აპლიკაციით ხდება, დამსაქმებელს საერთოდ არ დაელაპარაკები. მაგრამ, უშუალოდ ოფისში ჯდომის ნაწილში, გაყიდვებში, ნამდვილად არ არის ის რიცხვი, რომ ქართველი დასაქმებულები იჩაგრებიან”, - განაცხადა მიხეილ ჭელიძემ.

ამასთან, მიხეილ ჭელიძემ უცხოელებისთვის სახელმწიფო ენის გამოცდის ჩაბარებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს საჭიროა, რათა მინიმალური საკომუნიკაციო ენა მაინც იცოდნენ.

“რა თქმა უნდა, ელემენტარული ენა უნდა იცოდნენ, რატომ უნდა ვესაუბრებოდე ტაქსის მძღოლს რუსულად ან ინგლისურად, საქართველოში ვართ. რაღაც ვალდებულებები მათთვისაც უნდა იყოს.

დასაქმების ნაწილში ისიც დევს, რომ ბიზნესმა ჯერ ადგილობრივი კადრები უნდა მოიძიოს, თუ ვერ ნახა და ამის საჭიროება დადგა, მაშინ დაასაქმოს უცხოელები”,- აღნიშნა მიხეილ ჭელიძემ.

www.bpn.ge