ლარი ყოველდღიურად გამყარების ახალ რეკორდებს ხსნის. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბოლო ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.5310 ლარი შეადგინა.
რა გავლენას ახდენს კურსის გამყარება ექსპორტიორ კომპანიებზე, ამის შესახებ „კომერსანტთან“ თხილის გადამამუშავებელი კომპანია Nuts Ge-ს დირექტორმა მამუკა ბერიაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, კურსის ასეთი მნიშვნელოვანი გამყარება ექსპორტიორებზე უარყოფით გავლენას ახდენს, რადგან ამით შემოსავლები უმცირდებათ.
„ბიზნესი ბიუჯეტის დაგეგმვაში აუცილებლად ითვალისწინებს ეროვნული ვალუტის რყევებს, მაგალითად როდესაც წინა წელს ბიუჯეტი დავგეგმეთ, ეს გავითვალისწინეთ, მაგრამ არა იმ დონეზე რაც ახლა გვაქვს, ეს მოულოდნელი იყო.
შემოსავლები დოლარში გვაქვს, ამიტომ ლარის კურსის გამყარების პროცესი ჩვენი ბიუჯეტის ცვლილებას იწვევს, შედეგად ექსპორტიორ კომპანიებს მეტი ხარჯის გაწევს უხდებათ და შემოსავლები უმცირდებათ. აქედან გამომდინარე მოკლე ვადაში შემოსავლების კლების თვალსაზრისით, ეს ყველაფერი ექსპორტიორ ბიზნესებზე უარყოფითად აისახება“, - აღნიშნა Nuts Ge-ს დირექტორმა.
ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი წინა კვარტალთან შედარებით აშშ დოლართან 3.5%-ით გამყარდა, თუმცა ევროს მიმართ უმნიშვნელოდ, 1.6%-ით გაუფასურდა. ლარი გამყარებას განაგრძობდა თურქულ ლირასთან (4.8%) და რუსულ რუბლთან (17.3%).