„მაკდონალდს საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით რესტორნების ქსელის გაფართოებას გეგმავს. 2025 წლიდან ქსელს 4 ახალი კვების ობიექტი შეემატება. 2 თბილისში გაიხსნება. ერთი ბათუმში და ერთიც თელავში. ,,კომერსანტთან’’ საუბარში ბიზნესმენი თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მაკდონალდსი ქსელის გაფართოებას მომავალშიც გეგმავს. უკვე განიხილება რესტორნის გახსნის საკითხი ქუთაისში.

,,მომავალ წელს გავხსნით 4 რესტორანს ერთდროულად. ბიუჯეტში შენატანები მომავალ წელს იქნება დაახლოებით 7-8 მილიონით მეტი, რაც არის ჩვენთვის პრიორიტეტული. 2 იქნება თბილისში. ერთი კახეთში, კერძოდ თელავში. ერთს დავამატებთ ბათუმში, რადგან მოთხოვნა გაჩნდა. ქუთაისში გახსნის საკითხი დღის წესრიგში 2026 წლისათვის დადგება.’’- აცხადებს თემურ ჭყონია.

მაკდონალდსი მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე 25 რესტორანს ფლობს. საიდანაც 18 დედაქალაქშია. თბილისში 2 სულ ახლახან გაიხსნა. კომპანიამ 23 მლნ. ლარის ინვესტიცია განახორციელა და 170-მდე ადამიანი დაასაქმა. 

,,ორი რესტორნის გახსნა ნიშნავს, რომ შევქმენით მინიმუმ 170 სამუშაო ადგილი და მინიმუმ 170 ოჯახი გავაბედნიერეთ. მაკდონალდსის 2 ახალ რესტორანში დავნერგეთ ცირკულარული ეკონომიკა, რაც ნიშნავს, რომ ვიყენებთ როგორც ბუნებრივ ენერგიას, ხდება ნარჩენების გადახარისხება, ვუფრთხილდებით გარემოს. ბიზნესის განვითარების იდეა არის, რომ დავნერგოთ ევროპული სტანდარტები, რაც ხელს უწყობს ბუნების შენარჩუნებას, ადამიანის ბედნიერებას, კეთილდღეობას. ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანია, რომ ბიზნესი ვაწარმოო ისეთ სიტუაციაში რომ ყველა ის ადამიანი ვინც ჩვენთან მუშაობს იყოს მაღალანაზღაურებადი და გარემო იყოს დაცული.’’- აცხადებს თემურ ჭყონია.

ბიზნესმენის განცხადებით, ის კონკურენტებისთვის ბაზრის წილის წართმევით არ არის დაინტერესებული. თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მისი ხედვა ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობას ეფუძნება.

,,ჩემი შეხედულება კონკურენციაზე ცოტა განსხვავებულია. მიზანია, რომ გაიზარდოს ინდუსტრია. ჩვენი მიზანი არ არის, რომ ვინმეს წავართვათ ბაზრის წილი. რადგან ჩვენი ქვეყანა არის განვითარების გზაზე. ჩვენ უნდა განვავითაროთ ქვეყანა და ინდუსტრია უნდა განვითარდეს და არა ვიღაცას ბაზრის წილები წავართვათ. მე არ ვუყურებ კონკურენტების მოქმედებას. ინდუსტრიის განვითარება უფრო მაინტერესებს, ვიდრე კონკურენტების წილები. ეს დაბალი დონეა. მაღალ დონეზე უნდა იფიქროს ადამიანმა. ბიზნესი ჯერ იმ დონეზე არ არის საქართველოში, რომ ერთმანეთის წილებში ჩავერიოთ.’’- აცხადებს თემურ ჭყონია ,,კომერსანტთან“ საუბარში.

ბიზნესმენი აცხადებს, რომ ის პროდუქტის მომწოდებელი კომპანიების განვითარებაზე ზრუნავს. თემურ ჭყონია მიიჩნევს, რომ საჭიროა წარმოების ხარისხობრივი და რაოდენობრივი განვითარება.

,,არ შეიძლება ადამიანი ყველაფერში იყოს ჩართული და აკეთებდეს საქმეს, რომელსაც მისი მომმარაგებელი აკეთებს. მაგალითად, სალათის წარმოება, რომელიც ლაგოდეხშია. ჩვენ ვუწყობთ ხელს, რომ სერტიფიცირება მოხდეს. ხელს ვუწყობთ გრანტების მოპოვებაში, სპეციალისტების ჩამოყვანაში და არავითარ შემთხვევაში არ ვერევით ჩვენი მომწოდებლის ბიზნესში. ჩვენ თემა ფინანსურად არ გვაინტერესებს. გვაინტერესებს მხოლოდ ხარისხობრივად და რაოდენობრივად განვითარდეს წარმოება.’’- აცხადებს თემურ ჭყონია.