საქართველოში ველნეს და გამაჯანსაღებელი პროგრამების შეთავაზება გაიზრდება. სწორედ ამ მიზნით, ველნეს კურორტი „ბიოლი“ ფართოვდება.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კურორტის ველნეს დირექტორმა, მიხეილ ქოჩიაშვილმა განუცხადა, „ბიოლის“ ტერიტორიაზე სრულიად ახალი კომპლექსი შენდება, რომელიც სავარაუდოდ, 2027 წლის ზაფხულში გაიხსნება.
„ახალ კომპლექსში მოეწყობა ფიზიკური დატვირთვების ყველაზე თანამედროვედ აღჭურვილი სივრცე. ამასთან, გაიზრდება საკონსულტაციო და საპროცედურო სივრცეები და კაბინეტები. ახალი სივრცეები ჩვენს კურორტს შესაძლებლობას მისცემს, გააფართოოს არსებული პროგრამები. მათ შორის შემუშავდება სასუნთქი სისტემების გაჯანსაღების პროგრამა, რომელიც მორგებული იქნება მწეველებზე. გარდა ამისა, საიდუმლოდ გეტყვით, რომ გაიხსნება საბავშვო ველნესის მიმართულებაც“, - განმარტა მიხეილ ქოჩიაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, პროექტის ზუსტი ჯამური ღირებულება, ჯერჯერობით, უცნობია - თუმცა, საუბარია საკმაოდ დიდი მოცულობის ინვესტიციაზე.
შეგახსენებთ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა თამაზ მჭედლიძემ შპს "მედგრუპ ჯორჯიას" კუთვნილი სამედიცინო ველნეს კურორტ "ბიოლის" მშენებლობა კოჯორში 2012 წელს დაიწყო. ჯამში, კურორტის ფართობი 32 ჰექტარია.
კომპანიის მიზანია, საქართველოში ველნეს ინდუსტრიის განვითარება და როგორც პრემიუმ კლასის, სამედიცინო კურორტის პოზიციონირება მსოფლიო ბაზარზე.