უძრავი ქონების სააგენტოების ნაწილში ამბობენ, რომ რუსი მიგრანტების მხრიდან საცხოვრებელი ბინების ქირაზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირებულია. თუ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში ჩამოსული რუსების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ქირაზე ფასები მკვეთრად გაიზარდა, ეს ვითარება დღეს გარკვეულწილად შეცვლილია, რადგან ჩამოსული რუსების დიდმა ნაწილმა რელოკაციით საქართველო უკვე დატოვა.
,,ბინებზე მოთხოვნა რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ძალიან დიდი ხანია შემცირებულია, ბევრმა მათგანმა ქვეყანა უკვე დატოვა, რუსეთში დაბრუნდა ან ადგილმდებარეობა შეიცვალა და სხვა ქვეყანაში გადავიდა. რეალურად, წლევანდელი წლის დასაწყისშიც ასეთი სიტუაცია იყო. უცებ გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, იჯარაზე ფასები შემცირებულია. რუსეთის მოქალაქეები ბინებს ძირითადად ქირაობდნენ და არ ყიდულობდნენ, ამიტომაც, მათ წასვლას ყიდვის ფასებზე გავლენა არ ჰქონია. დღევანდელი მდგომარეობით, ქირაობასა და დაგირავებაზე მოთხოვნა შემცირებულია. ამ მხრივ მაღალი კატეგორიის ბინებზე, მცირედით, მაგრამ მაინც უკრაინის მოქალაქეები აქტიურობენ. დაბალი პროცენტულობით ისევ რჩებიან რუსები, ასევე ამერიკელები და დასავლეთ ევროპელები, მაგრამ ისინი საერთაშორისო პროექტებზე მუშაობენ და გრძელვადიანად არ ქირაობენ. უცხოელები ძირითადად მაღალი კატეგორიის ბინებს ქირაობენ“,- აღნიშნა „კომერსანტთან“ ინტერვიუში საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის თანადამფუძნებელმა, ნინო გედევანიშვილმა.