სასტუმრო Step Inn-ის დამფუძნებლის, ანი ალიბეგაშვილის შეფასებით, ყაზბეგში ზამთრის სეზონზე რეგიონში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, გასული წლის მსგავსად ცუდი მოლოდინებით ხვდებიან. ალიბეგაშვილის თქმით, ისედაც შემცირებულ ჯავშნებს გზის პრობლემა კიდევ უფრო აფერხებს.

„აპრილიდან ოქტომბრამდე ძალიან მაღალი დატვირთვით გვქონდა ჯავშნები; 85-90%-იან დატვირთვას ვასწრებდით ხოლმე. ნოემბრიდან-აპრილამდე დაბალი აქტივობაა ყაზბეგისთვის, თუ არ ჩავთვლით საახალწლო პერიოდს. ჯავშნები გვაქვს, თუმცა ბევრად მეტი მუშაობა დაგვჭირდება, რათა სასტუმრომ საკუთარი თავის შენახვა მაინც შეძლოს. ფასები მიმდინარე პერიოდში თითქმის განახევრებულია მიმდინარე პერიოდში.

დაინტერესება მაღალია ქართველი დამსვენებლების მხრიდან. უცხოელებიც არიან, მაგრამ ძირითადად აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, სადაც თოვლი არ მოდის. ძალიან ბევრი ჯავშანი უქმდება, რადგან ზამთარში უამინდობისა და გზის პრობლემის გამო შიშობენ, რომ დაგეგმილზე ბევრად დიდი ვადით არ მოუწიოთ დარჩენა. წინასწარ იმის თქმა, რომ გარკვეულ დატვირთვას ველოდებით, შეუძლებელია. თუ ქართველებს გამოვრიცხავთ, მაშინ დაინტერესება ძირითადად აზიელების მხრიდანაა. რუსეთიდანაც კი მკვეთრადაა შემცირებული მოთხოვნა შარშანდელ პერიოდთან შედარებით“,- თქვა Step Inn-ის დამფუძნებელმა.