სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის რეაბილიტაციის გადავადებას ითხოვს. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კონტრაქტორი კომპანია ხელშეკრულების ვადის 41 დღით, მიმდინარე წლის 7 ივლისამდე გახანგრძლივებას ითხოვს.

მიზეზად ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების/სამუშაოების პროცესში კომპანიისგან დამოუკიდებელ ხელისშემშლელ გარემოებებს ასახელებენ. მათ შორის საუბარია პირველ ეტაპზე ხელშეკრულების ტექნიკური დავალებით განსაზღვრული საპროექტო მომსახურების პირველი ეტაპით გათვალისწინებული დოკუმენტების „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის“ წარმომადგენლებთან შეთანხმების ვადების გახანგრძლივებაზე. ასევე კონტრაქტორი კომპანია განმარტავს, რომ შენობის ელექტრომომარაგება უნდა განხორციელდეს შენობაში ჩაშენებული 2 ცალი 6 კვ ძაბვის ტრანსფორმატორის საშუალებით, ამიტომ სამუშაოს დასასრულებლად, დამოკიდებულია დამკვეთის მიერ ამპირობის შესრულებაზე და ადგილზე 2 ცალი 6კვ ძაბვის ტრანსფორმატორის დამონტაჟებაზე.

გარდა ამისა კომპანიაში განმარტავენ, რომ თუ აღნიშნული თარიღამდე სულ მცირე 30 კალენდარული დღით ადრე არ იქნება უზრუნველყოფილი შენობის ელექტრომომარაგება, მაშინ სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრება ელექტრომომარაგების უზრუნველყოფიდან 30 კალენდარული დღე. 

ინფექციური საავადმყოფოს შენობის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს „ანაგი“ ასრულებს, შესაბამისი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობამ კომპანიასთან გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების სახით გააფორმა, ღირებულება კი 24 780 000 ლარი განისაზღვრა. 

საავადმყოფოში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე „კომერსანტი“ არაერთხელ წერდა. ჩვენ გიყვებოდით, რომ წლების განმავლობაში  ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი, რომლის ბედიც სახელმწიფოს აბარია, პაციენტებს სავალალო მდგომარეობაში იღებს - შენობაში აყრილია და დაზიანებულია იატაკია, დაბზარულია და დანესტილია კედლები, არის სანიტარული პრობლემებიც. მიუხედავად იმისა, რომ პერსონალი აქციებს პერმანენტულად მართავდა, პანდემიამდე საკითხს განსაკუთრებული აქტუალობა არ შეუძენია.

არაერთი დაპირების მიუხედავად, მედიკოსები მაღალი სტანდარტების საავადმყოფოში ამ დრომდე ვერ მუშაობენ. სახელმწიფომ, სამედიცინო აპარატურა შეიძინა, მაგრამ მესაკუთრესთან უთანხმოების გამო შენობის თუნდაც კოსმეტიკური რემონტი ვერ შეძლო, უფრო მეტიც – აპარატურის ნაწილის მონტაჟიც კი ვერ მოახერხა. ახალი ინფექციური საავადმყოფოს ასაშენებლად ტენდერი რამდენიმეჯერ გამოცხადდა, თუმცა საქმე ბოლომდე ვერ მივიდა. ბოლოს, 2019 წელს საავადმყოფოს პროექტირებაზე 980 294  ლარი დაიხარჯა, მაშინ ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. პროექტი ფურცლებზე დარჩა, მილიონამდე ლარი კი ბიუჯეტიდან წყალში გადაიყარა. 

2020 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობა საპარტნიორო ფონდის დირექტორის დავით საგანელიძის ძმის, გია საგანელიძისგან 34 მლნ ლარად ეყიდა. თუმცა, 7 წლის წინ, ლუბლიანას ქუჩაზე არსებული 12 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მთავრობამ „სამედიცინო ინოვაციების ცენტრს“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით სიმბოლურ ფასად, 1 მილიონად მიჰყიდა. მიწის სიმბოლურ ფასად შეძენის სანაცვლოდ, გია საგანელიძის კომპანიას 40 თვის ვადაში მინიმუმ 25 საწოლზე გათვლილი კლინიკა უნდა აეშენებინა, არანაკლებ 4 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და მინიმუმ 2 წლის ვადით 50 სამედიცინო მუშაკი უნდა დაესაქმებინა.

ნაკისრი ვალდებულებები „სამედიცინო ინოვაციების ცენტრმა“ არ შეასრულა. კომპანიამ დამატებითი ვადის განსაზღვრა მოითხოვა, განცხადება სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტომ დაუდასტურა, თუმცა ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ვალდებულების დარღვევის დღიდან 2019 წლის 27 ივლისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 500 ლარით დააჯარიმა. დაკისრებულმა პირგასამტეხლომ ჯამში 152 250 ლარი შეადგინა.

2019 წელს უკვე მამუკა ბახტაძის პრემიერობის დროს ხელშეკრულებაში ცვლილება შედის, დავით საგანელიძის ძმა საქართველოს მთავრობამ დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდა.

ამის შემდეგ 2020 წლის სექტემბერში სახელმწიფომ საგანელიძისგან 4 566 კვადრატული მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა გამოისყიდა. 7 432 კვადრატული კი ისევ „სამედიცინო ინოვაციების ცენტრის“ საკუთრებაში დარჩა.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც საავადმყოფოს უკავშირდება, გასხვისებული ტერიტორიაა. შეგახსენებთ, რომ შენობა „ავერსი ფარმამ“ 2009 წლის დეკემბერში $12.2 მლნ-დ შეიძინა. შეთანხმების მიხედვით, შენობაში კლინიკას ფუნქციონირება უსასყიდლოდ კიდევ 2 წელი უნდა გაეგრძელებინა და იმ პერიოდში სახელმწიფოს შემოსული თანხიდან ახალი საავადმყოფო უნდა აეშენებინა. 2012-2018 წლებში სახელმწიფომ ავერსს იჯარის სახით 3 მლნ ლარი გადაუხადა. 2020 წლის მაისში კი ახალ 408 ათას ლარიან იჯარის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. „ავერსის“ მოთხოვნად კვლავ შენობის დაცლა რჩება.

ინფექციური საავადმყოფოსთვის შეძენილი ახალი შენობის რემონტს და მისი აღჭურვის სამუშაოებს კომპანია „ანაგი“ ახორციელებს. პროექტის ბიუჯეტი 24.8 მილიონი ლარია.

შესაბამისი ხელშეკრულება კონტრაქტორ კომპანიასთან 2022 წლის მარტში გაფორმდა, ადგილზე კი სამუშაოები 14 თვეში, 2023 წლის 25 მაისს უნდა დასრულებულიყო.

დღეს შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კონტრაქტორი კომპანია ხელშეკრულების ვადის 41 დღით, 2023 წლის 7 ივლისამდე გახანგრძლივებას ითხოვს.

მიზეზად კომპანია “ანაგში” ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების/სამუშაოების პროცესში მათგან დამოუკიდებელი ხელისშემშლელ გარემოებებს ასახელებენ. მათი თქმით, კონკრეტული ხელისშემშლელი გარემოების გადაწყვეტა სცილდებოდა კომპანიის კომპეტენციას, რის გამოც “ანაგი” მოკლებული იყო შესაძლებლობას სამუშაო დადგენილ ვადაში დაესრულებინა.

კონტრაქტორის მხრიდან ატვირთულ განმარტებითი წერილში წერია, რომ პირველ ეტაპზე ხელშეკრულების ტექნიკური დავალებით განსაზღვრული საპროექტო მომსახურების პირველი ეტაპით გათვალისწინებული დოკუმენტების „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის“ წარმომადგენლებთან შეთანხმებას და საბოლოოდ აღნიშნული დოკუმენტების დამკვეთის მიერ დადასტურებას დაჭირდა დიდი დრო, რამაც სხვა ეტაპების ვადები დაარღვია.

ამასთან, კონტრაქტორი კომპანია ამბობს, რომ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის შენობის ელექტრომომარაგება უნდა განხორციელდეს შენობაში ჩაშენებული 2 ცალი 6 კვ ძაბვის ტრანსფორმატორის საშუალებით. მათი თქმით, ასეთი ელექტრომომარაგების გარეშე შენობაში დამონტაჟებული დანადგარების და სისტემების ტესტირება ვერ მოხდება, რაც აუცილებელი წინაპირობაა შესრულებული სამუშაოების დამკვეთისთვის ჩასაბარებლად. შესაბამისად, კომპანია სამუშაოს დასასრულებლად, დამოკიდებულია დამკვეთის მიერ ხსენებული პირობის შესრულებაზე და ადგილზე 2 ცალი 6კვ ძაბვის ტრანსფორმატორის დამონტაჟებაზე.

ამასთან, კონტრაქტორი კომპანია ვადის გახანგრძლივებას კი ითხოვს 2023 წლის 7 ივლისამდე, თუმცა იმ პირობის გათვალისწინებით, რომ თუ აღნიშნული თარიღამდე სულ მცირე 30 კალენდარული დღით ადრე არ იქნება უზრუნველყოფილი შენობის ელექტრომომარაგება, მაშინ სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრება ელექტრომომარაგების უზრუნველყოფიდან 30 კალენდარული დღე.

ცნობისთვის: თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე ინფექციური საავადმყოფოს შენობა 2009 წლიდან კერძო მფლობელობაშია. მისი მესაკუთრე "ავერსი ფარმაა", რომელმაც სახელმწიფოსგან აღნიშნული ტერიტორია 12,5 მილიონ დოლარად 12 წლის წინ შეიძინა, თუმცა მიუხედავად ამისა, მფლობელი არსებულ შენობას ვერ იყენებს.

ინფექციური საავადმყოფო ლუბლიანას ქუჩაზე, ნომერ 70-ში გადადის. შენობის ყოფილი მესაკუთრეა შპს “სამედიცინო ინოვაციების ცენტრი”, რომლისგანაც საქართველოს მთავრობამ ეს უძრავი ქონება შეიძინა. ამ კომპანიის 100%-იან წილს “საპარტნიორო ფონდის” გენერალური დირექტორის დავით საგანელიძის ძმა გია საგანელიძე ფლობს.