თბილისში, დაახლოებით, 4 თვის წინ სატესტო რეჟიმში, გახსნილი სასტუმროს - Garden Boutique Hotel-ის დამფუძნებლის გიორგი ღვარძელაშვილის განცხადებით, ახალი წლის პერიოდში სასტუმრო სრულად დაჯავშნილია.

როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, მათი დამსვენებლების 100% უცხოელები არიან.

"შეიძლება ითქვას, რომ მოთხოვნამ ჩვენს მოლოდინებს გადააჭარბა. ზაფხულის სეზონზე 70%-მდე დატვირთულობით ვმუშაობდით. ახალი წლის პერიოდში კი ყველა ნომერი უკვე დაჯავშნილია. ძირითადად, ჯავშნები მიღებული გვაქვს ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც არის ამერიკა, ავსტრალია, ინგლისი, გერმანია და იტალია, თუმცა აქედან, ამერიკა და ინგლისი ლიდერობს. მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ რადგან ჩვენს სასტუმროში ადგილი აღარ იყო, ტურისტები ჩვენთან ახლოს მდებარე სასტუმროებში გადანაწილდნენ.

უზარმაზარი კონკურენციაა როგორც სასტუმრო, ისე სარესტორნო სფეროში. რა თქმა უნდა, ვიზიტორების რაოდენობაზე პოლიტიკური ვითარებაც მოქმედებს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ტურისტული ნაკადების სიმცირეა", - აცხადებს გიორგი ღვარძელაშვილი.

სასტუმროს დამფუძნებლის ვარაუდით, მომავალში დამსვენებლების რიცხვი და მოთხოვნა როგორც საქმიან, ისე სათავგადასავლო ტურიზმზე კიდევ უფრო გაიზრდება.

გიორგი ღვარძელაშვილის ინფორმაციით, მათ სასტუმროში ჯერჯერობით, საქმიანი ტურიზმის 1 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა მოთხოვნის ზრდის მიმართულებით აქტიური მოლაპარაკებები და სამუშაოები მიმდინარეობს.

ცნობისთვის, თბილისში, აწყურის 14 ნომერში სასტუმრო Garden Boutique Hotel სატესტო რეჟიმში დაახლოებით, 4 თვის წინ გაიხსნა. Garden Boutique Hotel ჯამში 22 სასტუმრო ნომერს მოიცავს. სასტუმროს ოფიციალურად გახსნა მიმდინარე წლის 12 დეკემბერს არის დაგეგმილი.

bp.ge