ახალი წლის პერიოდში კორპორატიული შეკვეთების წილი 70%-ს შეადგენს, დამკვეთები სახელმწიფო სტრუქტურები და კერძო კომპანიები არიან, - ამის შესახებ ხელნაკეთი შოკოლადების მწარმოებელი კომპანიის "შოკოტელას" დამფუძნებელმა მარიამ კაპანაძემ  "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, კომპანიის გაყიდვები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაოთხმაგდა.

"ზაფხულის სეზონი დუბაის შოკოლადის ფილის გაყიდვებიდან გამომდინარე ძალიან აქტიური გვქონდა. ამჟამად ვიწყებთ თანამშრომლობს კორპორატიულ მომხმარებლებთან საახალწლო შეკვეთებისთვის. ჩვენი მომხმარებლების განაწილება სეზონების მიხედვით იცვლება. მაგალითად, კორპორატიული მომხმარებლების წილი ახალი წლის პერიოდში გაცილებით აღემატება საცალო მომხმარებლებს. ახალი წლის პერიოდში, დაახლოებით, 70% კორპორატიული შეკვეთებია. ახალი წლის პერიოდში გაყიდვების აქტიურ ზრდას ველოდებით", - აცხადებს მარიამ კაპანაძე.

"შოკოტელას" დამფუძნებლის ცნობით, "დუბაის შოკოლადის ფილა" ისევ მოთხოვნად პროდუქტად რჩება.

რაც შეეხება გაფართოების გეგმებს - კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, "შოკოტელამ" თბილისში ცოტა ხნის წინ მეორე ფილიალი გახსნა და ამ ეტაპზე, ბაზარზე 2 ბრენდული მაღაზიით იქნება წარმოდგენილი.

ცნობისთვის, „შოკოტელა“ ხელნაკეთი შოკოლადის წარმოებისთვის ნედლეულად უმაღლესი ხარისხის ბელგიურ შოკოლადს იყენებს. კომპანია საფირმო მაღაზიასა და საწარმოს ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე ფლობს.

ბიზნესპარტნიორი