საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს წარმომადგენლის, სანდრო ალაფიშვილის ინფორმაციით, მომხმარებლის უფლებების დარღვევის შემთხვევაში მეწარმე ვალდებულია შეცდომა კონკრეტულ ვადაში გამოასწოროს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჯარიმა 600 ლარიდან წინა წლის ბრუნვის 2%-მდეა.
ალაფიშვილი რადიო "კომერსანტის" ეთერში განმარტავს, რომ თუ მოვაჭრე კანონდარღვევას განმეორებით ჩაიდენს, ჯარიმის თანხა გაორმაგდება.
,,მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტის დადგენის შემთხვევაში, მეწარმეს ევალება, დარღვევა კონკრეტულ ვადაში გამოასწოროს. თუ ეს არ მოხდა, სანქცია მინიმუმ 600 ლარი და მაქსიმუმ - წინა წლის ბრუნვის 2%-ია. გამეორების შემთხვევაში, ჯარიმა ორმაგდება. პროცედურულ ნაწილში განსხვავება არ არის, მეწარმე სუბიექტი რეგისტრირებულია თუ - არა. მთავარია, მოხდეს მისი იდენტიფიცირება.
როცა დარღვევას აქვს ადგილი, არ აქვს მნიშვნელობა, კონკურენციის სააგენტოს ერთი მომხმარებელი მიმართავს, თუ გარკვეული ჯგუფი. არის ხოლმე შემთხვევები, რომ საკითხი სააგენტოს კომპეტენციას არ მიეკუთვნება და ხდება შესაბამის უწყებაში გადაგზავნა, მომხმარებელს კი განვუმარტავთ, რომ უნდა მიმართონ სასამართლოს.
ცხელი ხაზის ნომერია 15-20, რომელზეც მომხმარებელს გაუწევენ კონსულტაციას. თუ ფაქტი სააგენტოს კომპეტენციაშია, ჩვენს ვებგვერდზე განთავსებულია განაცხადის ფორმა, რომლის შევსებაც ელექტრონული ხელმოწერის გზითაც შეიძლება. თუ მომხმარებელს ამის საშუალება არ აქვს, უნდა გადმოიწეროს ფორმა და თუ ესეც ვერ ხერხდება, უნდა მოვიდეს ადგილზე",- აღნიშნა სანდრო ალაფიშვილმა.