კახეთის რეგიონს კიდევ ერთი სასტუმრო შეემატა. 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ,,ბოდბე" უკვე გაიხსნა და დამსვენებლების მისაღებად მზად არის. სასტუმრომ დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან ის სტუმრებს ულამაზეს ხედებს სთავაზობს, აქვს გამორჩეული კონცეფცია და უნიკალური მდებარეობა. ,,კომერსანტი’’ დაინტერესდა რა ჯდება ,,ბოდბეში’’ ერთი ღამის გატარება. ჩვენ სასტუმროს მიმღებს დავუკავშირდით და შაბათ-კვირას 2 პერსონაზე ოთახის დაჯავშნა ვითხოვეთ. სტანდარტული ოთახის შემთხვევაში 2 პერსონაზე ერთი ღამით სტუმრობა დაახლოებით 595 ლარი დაგიჯდებათ. თანხაში შედის საუზმე, დახურული აუზით სარგებლობის შესაძლებლობა, ასევე სპა სერვისების მიღება და სურვილის შემთხვევაში თერაპევტის მომსახურება. სტანდარტული ნომრების ხედი ალაზნისა და ბოდბის ხევზე გადის. მაღალი კატეგორიის ნომრის შემთხვევაში, იგივე სერვისებით 2 პერსონაზე ერთი ღამე 680 ლარი ჯდება. თუმცა, როგორც სასტუმრო მარკეტინგის დეპარტამენტში განგვიცხადეს ფასები ცვალებადია და ის მრავალი გარემოების გათვალისწინებით დგინდება.

 

,,ბოდბეს'' გენერალური მენეჯერი განმარტავს, რომ საფასო პოლიტიკა ბაზარზე მოთხოვნის შესაბამისად განისაზღვრება. ნინო შერმაზანაშვილის თქმით, ისინი გეგმავენ, რომ საშუალო და საშუალოზე მაღალი ფასის კატეგორია შეინარჩუნონ.

,,როგორც წესი პირველი წელი ყველა სასტუმროსთვის საცდელია. ბაზარზე რა მოთხოვნა იქნება, ასევე რა სეგმენტები იქნება - ეს ინდივიდუალური მოგზაური იქნება, ტურისტული კომპანია, ოჯახით მოგზაური თუ კორპორაციული, ფასს მოთხოვნა განაპირობებს. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ფასი იყოს საშუალო და საშუალოზე მაღალი. უკვე გვაქვს საშუალო და საშუალოზე მაღალი საფასო პოლიტიკა. საბოლოო განსაზღვრაში დაგვეხმარება უკვე მოთხოვნა. ფასი დამოკიდებულია ნომრის კატეგორიაზე, კვირის დღეზე და სტუმრების რაოდენობაზე. ნომრის საფასურში შედის საუზმე, სპა, (შიდა და დახურული აუზები, მშრალი ფინური საუნა, სკრაბისა და ორთქლის ოთახები), სპორტული დარბაზი და საბავშვო ოთახი.’’- აცხადებს ნინო შერმაზანაშვილი.

პროექტი ,,საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდმა’’ და „სმარტ კაპიტალმა“ განახორციელეს. ინვესტიციების მინიმალურ ოდენობად 22 მლნ დოლარით იყო განსაზღვრული, თუმცა მთლიანმა საინვესტიციო ღირებულებამ 56 მლნ დოლარი შეადგინა.

,,საინვესტიციო ვალდებულება არის ქვედა ზღვარი, რომელსაც ხშირ შემთხვევაში საზღვრავს სახელმწიფო. განსაზღვრა ხდება იმისთვის, რომ მაგაზე ნაკლები არ დაიხარჯოს. ჩვენ დავხარჯეთ 2,5 ჯერ მეტი, ვიდრე იყო მინიმალური ზღვარი, რაც უნდა დაგვეხარჯა. სხვა პროექტების შემთხვევაშიც ასეა, რაც გვაქვს განსაზღვრული იმაზე გაცილებით მეტს ვხარჯავთ.’’- აცხადებს ,,საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის’’ დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი.

სასტუმრო თითქმის წელიწად-ნახევრის დაგვიანებით გაიხსნა. პროექტის გადავადების მიზეზად ,,კომერსანტთან’’ საუბარში გიორგი ბაიდარაშვილი კოვიდპანდემიას ასახელებს. მისი თქმით, პანდემიის პერიოდში სამშენებლო მასალების მოწოდება დროში შეფერხდა, შეიქმნა ლოგისტიკური პრობლემებიც, რამაც სასტუმროს მშენებლობა შეაფერხა.

,,პროექტის გადავადებას იწვევს ხოლმე გარკვეული ობიექტური ფაქტორები. ამ შემთხვევაში 2 წლიანი კოვიდის პერიოდი იყო. ჩვენ ძირითადად ძვირად ღირებულ მასალებს ვიყენებთ, რომელიც საქართველოში არ იწარმოება. უცხოეთში ამისი წარმოება შეფერხდა. ფასები გაიზარდა და ლოგისტიკური პროცესები გარკვეულ პერიოდში ძალიან გაიწელა. მაგალითად, რაღაც უნდა ჩამოსულიყო 3 თვეში, ზოგი მასალა 6 თვეში, ზოგი კი 8 თვეში ჩამოვიდა.’’- აცხადებს გიორგი ბაიდარაშვილი.

სასტუმრო 132 ნომერს, შიდა და გარე აუზებს, სპას და ფიტნესცენტრს, განსხვავებული კონცეფციის მქონე 10 ბარსა და 3 რესტორანს, დიდ საკონფერენციო დარბაზს, ბავშვთა გასართობ სივრცეებსა და სხვა მრავალ საინტერესო სერვისს აერთიანებს. ,,საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის’’ დირექტორი იმ მახასიათებლებზე გვესაუბრება, რომლებიც ,,ბოდბეს’’ გამორჩეულს ხდის.

,,ადგილობრივი კულტურისთვის, ადგილობრივი ლანდშაპტისთვის დამახასიათებელი დიზაინია. შიგნით მასიურად გამოყენებულია ხე. არის ძალიან კარგი ნომრები. იშლება პანორამული ხედი. მთელ ალაზნის ველს უყურებს. თელავის მისადგომებიდან, ლაგოდეხისა და დედოფლისწყარომდე ყველაფერი ხელის გულზეა. თავზე დაჰყურებს სიღნაღს. მომსახურების სპექტრი აქვს ძალიან ფართო.’’- აცხადებს გიორგი ბაიდარაშვილი.

ახალი სასტუმროს გახსნით კახეთის რეგიონში კონკურენცია გაიზრდება. ,,ბოდბეს'' გენერალური მენეჯერი ნინო შერმაზანაშვილი ,,კომერსანტთან'' საუბარში სასტუმრო უპირატესობებზე საუბრობს.

,,სასტუმრო არის ახალი დანიშნულების ადგილი ბოდბეში. აქვს მრავალი უპირატესობა. ერთ-ერთი არის სიახლოვე ქალაქთან. ახალმა გახსნილმა გზამ შეამცირა ჩამოსვლის დრო. ახალი დანიშნულების ადგილი ქმნის ხოლმე უკვე თავისებურ კონკურენციას. რაც დადებითად აისახება ხოლმე ბაზარზე, ხარისხზე და სასტუმრო ,,ბოდბე’’ გაზრდის კახეთის რეგიონში საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროებში კონკურენციას.''- აცხადებს ნინო შერმაზანაშვილი.

,,საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის’’ დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი აცხადებს, რომ რთულია განსაზღვრო რა პერიოდში შეძლებს სასტუმრო განხორციელებული ინვესტიციის ამოღებას. მისი თქმით, ფონდის მთავარი მიზანი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გამოყენების ხელშეწყობაა.

,,ჩვენი ფონდის ინტერესი არის, რომ ქვეყნის შთამბეჭდავი ტურისტული პოტენციალის გამოყენებას შევუწყოთ ხელი, რომელიც არ არის გამოყენებული. მე რომ მკითხო 20%-ც კი არ არის გამოყენებული. რადგან ტურისტულ ბაზარზე ახალი გამოჩენილი ქვეყანა ვართ. არ ვართ ცნობილი ტურისტული მიმართულება, ამიტომ საჭიროა ბევრი სასტუმრო ნომერი, სხვადასხვა კატეგორიის, კლასისა და ფასის. იმისთვის, რომ სტუმრებს აქ ჩამოსვლა გაუადვილდეთ. ჩვენი მიზანია, რომ ამ მასშტაბური ინვესტიციებით მოვახდინოთ ტურისტული პოტენციალის გამოყენების ხელშეწყობა და ჩვენი ქვეყნის დამკვიდრების ხელშეწყობა მსოფლიო ტურისტულ რუკაზე. სადღაც ჩავდივართ და მოგონილ ლეგენდებს გვიყვებიან და დაგვატარებენ. ჩვენ მოფიქრება არ გვჭირდება, იმიტომ რომ რეალურად მთელი ქვეყანა არის ერთი დიდი ლეგენდა და ისტორია.’’- აცხადებს გიორგი ბაიდარაშვილი.