საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) წარმომადგენლის, ნინი ცაბუტაშვილის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ ნივთი პირველად მდგომარეობაშია, მომხმარებელს უფლება აქვს, შეძენილი პროდუქტი 14 დღის ვადაში საფუძვლის მითითების გარეშე დააბრუნოს.
როგორც ცაბუტაშვილმა "კომერსანტის" ეთერში აღნიშნა, გამონაკლისია მხოლოდ 30 ლარამდე ღირებულების პროდუქტი, რომლის დაბრუნებასაც ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე მომხმარებელი ვერ შეძლებს.
,,დააბრუნოს ნივთი საფუძვლის მითითების გარეშე, ანუ არ სჭირდება ამას კონკრეტული მიზეზი, უბრალოდ, იმ მდგომარეობაში უნდა იყოს, როგორც მიღების დროს.
როცა მომხმარებელი იღებს ნაკლიან ნივთს, ამ შემთხვევაში უფლება აქვს, მოვაჭრეს მიმართოს ნივთის შეცვლის, შეკეთების, ფასის შემცირების ან საერთოდ - დაბრუნების მოთხოვნით. ყველა ნივთს აქვს კანონისმიერი 2-წლიანი გარანტია, რაც გულისხმობს ნივთის პირვანდელ ნაკლს.
რაც შეეხება უპირობოდ დაბრუნების 14-დღიან ვადას, შეზღუდულია გამონაკლისის სახით 30 ლარამდე ღირებულების პროდუქტი, რომლის დაბრუნებასაც ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე მომხმარებელი ვერ შეძლებს. ასევე, ვერ შეძლებს ინდივიდუალური შეკვეთისა და ჰერმეტულად დალუქული საქონლის დაბრუნებას, თუ ეს ჰერმეტულობა თავად დაარღვია. 14 დღეში არ ბრუნდება არც მედიკამენტები",- ამბობს GCCA-ის წარმომადგენელი.
მისივე ინფორმაციით, სააგენტოში შესული საჩივრების დიდი ნაწილი ონლაინვაჭრობასთან არის დაკავშირებული.
,,უკმაყოფილო და დაზარალებული მომხმარებლების განცხადებების უმეტესი ნაწილი ონლაინ ვაჭრობას უკავშირდება. ძირითად პრობლემას წარმოადგენს ნაკლიანი ნივთის მიწოდება, მიწოდების ვადის დარღვევა ან ნივთის საერთოდ არმიწოდება. არის შემთხვევები, როცა განცხადება შეეხება ნივთის უპირობოდ დაბრუნების უფლების შეზღუდვას",- აღნიშნა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) წარმომადგენელმა ნინი ცაბუტაშვილმა.