როცა საქმე საჯარო სამსახურს ეხება, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობათა უმაღლესი ლიდერების ანაზღაურება ხშირად ხდება განხილვის საგანი. ერთი მხრივ, სამთავრობო ლიდერები ეკონომიკურ თუ სოციალურ მდგომარეობასა და ქვეყნის საგარეო კურსზე არიან პასუხისმგებლები, რაც მოსახლეობის ფიზიკურ თუ ფინანსურ კეთილდღეობას განსაზღვრავს. შესაბამისად, მათი როლი დაახლოებით იგივე მნიშვნელობისაა, როგორიც მსხვილი კორპორაციების აღმასრულებელი დირექტორების, რომლებიც ხშირად მილიონებს გამოიმუშავებენ.

მეორე მხრივ, სამთავრობო ლიდერების ანაზღაურება ხშირად ხდება კრიტიკის საგანი, განსაკუთრებით თუ ის მკვეთრად აღემატება მოქალაქეთა საშუალო შემოსავალს. მყიფე ეკონომიკებში, სადაც კორუფცია მძვინვარებს, ჩინოსანთა მაღალი ანაზღაურება მოსახლეობისგან უნდობლობას და უარყოფით დამოკიდებულებასაც იმსახურებს.

გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ეპოქაში, მთავრობის მეთაურთა ანაზღაურება ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც პოლიტიკოსებსა და საზოგადოებას შორის ნდობისა თუ უნდობლობის დონეს განსაზღვრავს.

World Population Review მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერების ანაზღაურებას სხვადასხვა საჯარო წყაროზე დაყრდნობით ითვლის და რეიტინგს ყოველწლიურად აახლებს. 2025 წელს კი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ლიდერების ათეულს კანადის მთავრობის მეთაური ხსნის.

მარკ კერნი, რომელიც კანადის 24-ე პრემიერ-მინისტრია და პოსტს 2025 წლის მარტიდან იკავებს, წლიური ხელფასის სახით $279 ათას დოლარს იღებს. გარდა ამისა, კანადის პრემიერი ისეთი პრივილეგიებითაც სარგებლობს, როგორებცაა ორი რეზიდენცია, მათ შორის ერთი საზაფხულო რეზიდენცია ჰარინგტონის ტბაზე, ორი კერძო თვითმფრინავი და ავტომობილი.

მეცხრე ადგილს იაპონიის პრემიერ-მინისტრი იკავებს. იაპონური მთავრობის მეთაური, შიგერუ იშიბა პოსტზე 2024 წლიდანაა, წარმომადგენელთა სახლის წევრი კი 1986 წლიდან გახდა. იშიბას წლიური სარგო 316,521 დოლარს შეადგენს, რასთან ერთადაც მის განკარგულებაშია ტოიოტას ფლაგმანური ლაქშერი ავტომობილი, Toyota Century და Boeing-ის ორი კერძო თვითმფრინავი, რომლებითაც იმპერატორი და სხვა მაღალჩინოსნებიც სარგებლობენ.

ახალი ზელანდიის მთავრობის მეთაურის წლიური ხელფასი 325 ათასი დოლარია. თანამდებობას 2023 წლიდან კრისტოფერ ლუქსონი იკავებს. ქვეყანაში პრემიერ-მინისტრის ხელფასს პარლამენტში შექმნილი დამოუკიდებელი ორგანო განსაზღვრავს. გარდა ამისა, თანამდებობის დატოვების ან ვადის ამოწურვის შემდეგ, ახალი ზელანდიის მაღალჩინოსნები ანუიტეტს ინარჩუნებენ, რაც პოსტზე ყოფნის თითოეულ წელზე $10,900 დოლარით განისაზღვრება.

რეიტინგში მეშვიდე ადგილს ავსტრიის კანცლერი იკავებს, რომლის წლიური ანაზღაურებაც $338 ათას დოლარს აღწევს. ქვეყნის 29-ე კანცლერი, ქრისტიან სტოკერი, ოფისში 2025 წლის მარტში მოვიდა.

მორიგი კანცლერი, ამჯერად გერმანიის, 369 ათას დოლარიანი ანაზღაურებით რეიტინგში მეექვსე ადგილს იკავებს. ფრიდრიხ მერცმა, რომელიც თანამდებობაზე მიმდინარე წლის მაისიდან დაინიშნა, მთავრობასა და ხელფასთან ერთად გადაიბარა ფედერალური კანცელარია, და შაუმბურგისა და მეზებერგის ციხესიმაგრეები.

392 800 დოლარია წლიური ანაზღაურება ავსტრალიის პრემიერ მინისტრის პოსტზე, რომელსაც 2022 წლიდან ენტონი ალბანესი იკავებს, ავსტრალიის ლეიბორისტული პარტიიდან. მთავრობის მეთაურის განკარგულებაშია ორი რეზიდენცია, სამი კერძო თვითმფრინავი და BMW-ის მარკის ავტომობილი.

მეოთხე ადგილს ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს, სადაც სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურების როლს ერთი და იგივე პიროვნება იკავებს, ამ შემთხვევაში, ქვეყნის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. პრეზიდენტის ანაზღაურება შტატებში 400 000 დოლარია, რაც 2001 წლის შემდეგ არ შეცვლილა. თეთრ სახლთან ერთად, პრეზიდენტის განკარგულებაშია Camp David, რომელიც სამხედრო ბანაკად შეიქმნა, და საპრეზიდენტო სახლიც, რომელიც პრეზიდენტის სტუმრებს ემსახურება და “მსოფლიოს ყველაზე ექსკლუზიურ სასტუმროდაა” ცნობილი.

სამეულს შვეიცარია ხსნის, სადაც სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურების თანამდებობები არა თუ გამიჯნული არ არის ერთმანეთისგან, არამედ არც არსებობს. ქვეყანას 7 თანაბარუფლებიანი წევრისგან დაკომპლექტებული ფედერალური საბჭო მართავს. “თანასწორთა შორის პირველი” საბჭოს პრეზიდენტია, ამჟამად კარინ კელერ-ზუტერი - პირველი და ერთადერთი ქალი პოლიტიკოსი რეიტინგში. შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს წევრთა წლიური სარგო 495 ათასი დოლარია.

ნახევარ მილიონ დოლარს აღემატება ჰონკონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის მთავრობის მეთაურის ანაზღაურება. პოსტს ამჟამად ჯონ ლი კა-ჩიუ იკავებს, რომელიც 2022 წლის არჩევნებზე ჩინეთის მთავრობის მიერ დაშვებული ერთადერთი კანდიდატი იყო. ჯონ ლი ჰონკონგის მთავრობის რიგით მეხუთე მეთაურია.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი პოლიტიკური ლიდერი სინგაპურის მთავრობის მეთაურია. ქვეყნის მეოთხე პრემიერ-მინისტრი ლოურენს ვონგია, რომლის წლიური ხელფასიც მილიონ 600 ათას დოლარს აღწევს. სინგაპურში პრემიერ-მინისტრს პრეზიდენტი ნიშნავს, რომლის ანაზღაურებაც მცირედით ჩამორჩება მთავრობის მეთაურისას და $1.4 მილიონს შეადგენს. სინგაპურის პრემიერ-მინისტრის სახელფასო პაკეტის ნაწილია მე-13 ხელფასი, ეროვნული და შესრულების ბონუსები.

მთავრობის მეთაურის ანაზღაურებით, 2024 წლამდე საქართველო რეიტინგში ბოლო ოცეულში ექცეოდა, 2025 წლიდან კი “ქართული ოცნების” დეპუტატთა ინიციატივით, ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების ანაზღაურებები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ხელფასის დათვლის ახალი წესი შეეხო ირაკლი კობახიძესაც, რომლის ანაზღაურებაც წელიწადში 41 000 ლარიდან 159 000 ლარამდე გაიზარდა, რაც თითქმის 60 ათასი ($58 600) ამერიკული დოლარის ეკვივალენტია. ეს მაჩვენებელი შკალაზე საქართველოს პოლონეთსა ($57 770) და ლატვიას ($59,600) შორის აქცევს.

bm.ge