ლიეტუვის მონაცემთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში მცხოვრები დაახლოებით ყოველი მეხუთე ადამიანი სიღარიბეში ცხოვრობს. ყველაზე მოწყვლად ჯგუფებში შედიან პირები, რომლებსაც შრომის ბაზარზე შესვლა უჭირთ, აგრეთვე პენსიონერები და შშმ პირები.

30 წლის ალეკასს კულინარია იტაცებს, მაგრამ უკვე ერთ წელზე მეტია, შეფ-მზარეულად მუშაობის დაწყებას ვერ ახერხებს.

„ხშირად ვხედავ განცხადებებს მზარეულის დამხმარეებზე. მაგრამ როცა ვრეკავ, ხომ იცით, როგორც ხდება - მეუბნებიან: გმადლობთ, უკვე სხვა ავიყვანეთ. თუმცა, იმედი ბოლოს კვდება“, - ამბობს ის.

ალეკასმა სახლი ერთი წლის წინ დაკარგა და ახლა თავშესაფარში ცხოვრობს, საქველმოქმედო სასადილოს თითქმის ყოველდღე სტუმრობს. ნაშუადღევს ცენტრი სავსეა და ასობით ადამიანს ემსახურება. მათ შორის არიან ხანდაზმულები, შშმ პირები, ციხიდან ახლახან გათავისუფლებულები და უსახლკაროები.

სიღარიბე (ასოციაციური ფოტო)ფოტო: ე. ბლაჟისი / ლიეტუვის ეროვნული ტელე-რადიო მაუწყებელი (LRT)

სოციალური მხარდაჭერის ცენტრ „ბეტანიას“ დირექტორმა, ინგრიდა რაძევიჩემ აღნიშნა, რომ ბენეფეციარებს შორის სულ უფრო ხშირად ხვდებიან ახალგაზრდები.

„ზოგი ძალიან ახალგაზრდაა - 20 წლის ან ოდნავ უფროსი, ასევე მოდიან ახალგაზრდა დედები შვილებით. ზოგიერთი საზღვარგარეთიდან ახალი დაბრუნებულია, სადაც მოატყუეს და გაწეული მუშაობისთვის ფული არ გადაუხადეს. მათ აქ სახლები დაკარგეს და ზოგჯერ ოჯახთან კავშირიც გაწყვიტეს. ისტორიები ძალიან სევდიანი და მრავალფეროვანია“, - აღნიშნა რაძევიჩემ.

სიღარიბის დაძლევის ეროვნული ქსელის დირექტორმა, აისტე ადომავიჩიენემ განაცხადა, რომ სიღარიბის ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ 18-დან 24 წლამდე ახალგაზრდები არიან, რადგან ისინი შრომით საქმიანობას, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ ახლა იწყებენ და დიდ კონკურენციას აწყდებიან.

აისტე ადომავიჩიენეფოტო: ვ. რაუპელისი / ლიეტუვის ეროვნული ტელე-რადიო მაუწყებელი (LRT)

მისი თქმით, სიღარიბეში მცხოვრებთა მნიშვნელოვან ნაწილს ბავშვები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები შეადგენენ, მაშინ როცა საზოგადოებაში არსებობს ცდარი შეხედულება, თითქოს, ღარიბი ხალხი ზარმაცია ან მხოლოდ სახელმწიფო დახმარებით ცხოვრობს.

„ლიეტუვაში სოციალური დახმარების მიმღებთა მხოლოდ 4 პროცენტს შეუძლია პოტენციურად მუშაობა, მაგრამ არ მუშაობს. სიღარიბეში მყოფთა მეოთხედს ბავშვები შეადგენენ, კიდევ ერთ ნაწილს კი - შშმ პირები. მათგან, პოტენციურად, მუშაობა დაახლოებით 15 000 პირს შეუძლია“, - აღნიშნა ადომავიჩიენემ.

მან ასევე დაამატა, რომ რეგიონების მიხედვით, სიღარიბე არათანაბრად არის განაწილებული: ვილნიუსსა და მის შემოგარენში, ქვეყნის სხვა ნაწილებთან შედარებით, სიღარიბის მაჩვენებლები დაახლოებით ორჯერ ნაკლებია.

ვილნიუსის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის პროფესორი, დაივა სკუჩიენე კი ამბობს, რომ პრობლემას ამწვავებს სტრუქტურული საკითხებიც, მათ შორის - სამუშაო ადგილების ნაკლებობა, მოუხერხებელი ტრანსპორტი და შეზღუდული არჩევანი ახალგაზრდა დედებისთვის, რომლებსაც ბავშვის მოვლისა და სამუშაო გრაფიკის შეთავსება უწევთ.

„შესაძლოა, ზოგიერთ ადამიანს მოტივაცია აკლდეს, ზოგი კი ისეთ ოჯახში იზრდება, სადაც შრომითი უნარების განვითარება არ ხდება. თავის როლს თამაშობს სხვადასხვა სტრუქტურული ფაქტორიც, რის გამოც სოციალური უზრუნველყოფის სისტემები ადრეულ მხარდაჭერაზე აკეთებენ აქცენტს, რადგან მოგვიანებით მდგომარეობის გამოსწორება ბევრად რთულია“, - აღნიშნა სკუჩიენემ.

მისივე განმარტებით, სიღარიბეზე გავლენას ახდენს შრომის ბაზარზე მიმდინარე ცვლილებებიც: კვალიფიციური ადამიანებიც შეიძლება დარჩნენ უმუშევრები, თუ ისინი მუდმივად ცვლად მოთხოვნებს არ მოერგებიან.

ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის („ევროსტატი“) მონაცემები აჩვენებს, რომ სიღარიბის მაჩვენებელი ლიეტუვაში, უკვე მრავალი წელია, ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ევროკავშირში.

წყარო: 1 არხი