გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მეოთხე წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე უნგრეთმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის შეთანხმებული €90 მილიარდის სასესხო პაკეტი დაბლოკა.
წყაროების მიხედვით, ევროკავშირში უნგრეთის ელჩმა 20 თებერვალს პროტესტი გამოთქვა ბლოკის მიერ უკრაინისთვის თანხის სესხებასთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის ბიუჯეტით იქნება გარანტირებული. გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე წევრის ერთსულოვანი თანხმობა სჭირდება.
ცნობისთვის, ევროკავშირის ლიდერები კიევისთვის, რომელსაც აპრილისთვის საბიუჯეტო დეფიციტი ემუქრება, სასესხო პაკეტზე დეკემბერში შეთანხმდნენ.
უნგრეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი მაშინ დათანხმდნენ უკრაინის დახმარების პაკეტზე მხოლოდ იმ პირობით, რომ ისინი საპროცენტო განაკვეთზე ან სესხის დაფარვაზე პასუხისმგებლები არ იქნებოდნენ, რასაც დანარჩენმა 24-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა.
თუმცა, ახლა ერთსულოვანი მხარდაჭერა კვლავ არის საჭირო, რათა ევროკომისიამ ბლოკის ბიუჯეტში დარჩენილი სივრცე უკრაინისთვის სესხის გასაცემად გამოიყენოს.