ჯარისკაცების ნაკლებობის ფონზე, კიევი სახმელეთო საბრძოლო რობოტებს მოიხმარს, რომლებსაც მძლავრი იარაღის გამოყენება შეუძლიათ.

უკრაინის ბრძოლის ველზე ომის მეთოდები მუდმივად იხვეწება. ფრონტის ხაზზე დრონების გამოჩენამ სამხედრო სტრატეგიები სრულად შეცვალა, ბოლო თვეებში კი ომში ახალი საბრძოლო მანქანები გამოჩნდა. სახმელეთო საბრძოლო რობოტების გამოყენება სწრაფად იზრდება . საინფორმაციო სააგენტო „ფრანსინფო“ ზაპოროჟიეს ოლქში იმ ბრიგადის წვრთნებს დაესწრო, რომელიც ამ ახალი მანქანებით ახლახან აღიჭურვა.

უკრაინელები მას სახმელეთო დრონს უწოდებენ. მის აღსაქმელად, საჭიროა წარმოიდგინოთ დიდი ლითონის კუბი, რომელიც ოთხ წამყვან ბორბალზეა დამაგრებული და კამერითა და ძლიერი საბრძოლო იარაღით არის აღჭურვილი. „ამ რობოტის მართვის სწავლა რთული არ არის“, - ირწმუნება ინსტრუქტორი მაქსი, რომელიც რობოტის მომავალი „მეთაურების“ წვრთნას ხელმძღვანელობს. „ეს არის დისტანციური მართვის პულტი ჩაშენებული ეკრანით“, - ამბობს ის და აგრძელებს: „აქ არის ჯოისტიკი: წინ, უკან, მარცხნივ, მარჯვნივ... ეს კი სროლისთვისაა.“ რობოტის დემონსტრირების დროს, გასროლის ყრუ ხმები ისმის: „ეს სარაკეტო დანადგარია, ეს კი - ტყვიამფრქვევი“.

რობოტი აღჭურვილია კამერით, სარაკეტო დანადგარითა და ტყვიამფრქვევით, რომელთა მართვაც ჯოისტიკით ხდებაBORIS LOUMAGNE / FRANCEINFO / RADIO FRANCE

„უკრაინაში, სადაც ახალი ადამიანების რეკრუტირება ჭირს, სახმელეთო საბრძოლო რობოტებს ღვთის საჩუქრად მიიჩნევენ“, - ამბობს ამ ბრიგადის ოფიცერი, სერგეი. „ეს მომავლის ომია. ის პირდაპირ ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს“, - აჯამებს ის.

თუმცა, არც რუსები ჩამორჩებიან; საბრძოლო რობოტებს ისინიც ავითარებენ. „როგორც ნებისმიერ სხვა სფეროში, აქაც ჭიდილში ვართ მათთან. ეს მუდმივი ბრძოლაა“, - დასძინა ბრიგადის ოფიცერმა.

ხელოვნური ინტელექტი მართვის სადავეებთან

იგორი იმ უკრაინული კომპანიის ინჟინერია, რომელიც ამ რობოტებს აწარმოებს. 23 წლის ახალგაზრდა მუდმივად ცდილობს ტექნოლოგიის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით - ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით. „ამ მომენტისთვის რობოტი, სამიზნის აღმოსაჩენად და მისი მოძრაობის დეტექციისთვის, ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. მაგრამ მალე, რამდენიმე მოდიფიკაციის შემდეგ, ხელოვნური ინტელექტი დამოუკიდებლად დაუმიზნებს და თავად მიიღებს გადაწყვეტილებას სამიზნისთვის ცეცხლის გახსნის შესახებ“, - განმარტავს ის. სულ რამდენიმე თვეში, იგორის კომპანიამ უკრაინის არმიას ათასზე მეტი საბრძოლო რობოტი მიჰყიდა.

წყარო: 1 არხი