უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა ირანს ისრაელის ენერგეტიკული სამიზნეების სია გადასცა,- ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას THE JERUSALEM POST აქვეყნებს და წერს, რომ გაზიარებული ინფორმაცია ირანს საშუალებას აძლევს, ისრაელის 55 ენერგოობიექტზე ზუსტი სარაკეტო დარტყმა განახორციელოს
მოპოვებული მონაცემების თანახმად, სამიზნე ობიექტები სტრატეგიული მნიშვნელობის მიხედვით სამ კატეგორიად იყოფა:
• პირველი დონე: კრიტიკული წარმოების ობიექტები. ადგილები, რომელთა განადგურებაც ეროვნულ ენერგოსისტემას მწყობრიდან გამოიყვანს. მთავარ სამიზნედ კონკრეტულად „ოროთ რაბინის“ ელექტროსადგურია დასახელებული.
• მეორე დონე: მთავარი ურბანული და ინდუსტრიული ენერგეტიკული ჰაბები. ეს ობიექტები ძირითადად ცენტრალურ ისრაელში მდებარეობს და დიდ დასახლებულ პუნქტებს ემსახურება.
• მესამე დონე: ლოკალური ინფრასტრუქტურა. ეს სამიზნეები მოიცავს რეგიონულ ქვესადგურებს, რომლებიც ინდუსტრიულ ზონებსა და უფრო მცირე ელექტროსადგურებს უზრუნველყოფენ.
რუსული შეფასებით, ისრაელის მოწყვლადობა მდგომარეობს იმაში, რომ „მრავალი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, ისრაელის ენერგოსისტემა იზოლაციის მაღალი ხარისხით ხასიათდება“. ვინაიდან ისრაელი „ენერგეტიკული კუნძულია“, რომელიც მეზობელი ქვეყნებიდან ელექტროენერგიის იმპორტს არ ახორციელებს, რუსეთის დაზვერვამ გადაცემული ინფორმაციით ირანს აცნობა, რომ მხოლოდ რამდენიმე ცენტრალური კომპონენტის დაზიანებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ტოტალური და ხანგრძლივი ენერგეტიკული კოლაფსი, რაც მასობრივ გამორთვებსა და ტექნიკურ გაუმართაობას გამოიწვევს, რომელთა მარტივად აღმოფხვრაც შეუძლებელი იქნება