რუსეთის ქალაქ რიაზანზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სოციალურ ქსელებსა და რიაზანის ოლქისგუბერნატორ პაველ მალკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავდასხმის სამიზნე, სავარაუდოდ, Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი იყო.

„რიაზანში უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის მოგერიების შემდეგ ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ადგილზე ოპერატიული სამსახურები მუშაობენ“, - აღნიშნა გუბერნატორმა.

მისი თქმით, მოსახლეობას ურჩევენ, შენობებში დარჩნენ და ფანჯრებთან მიახლოებისგან თავი შეიკავონ.

გუბერნატორის ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ რეგიონში ექვსი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რიაზანთან ახლოს Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრში ხანძარი გაჩნდა.